ავღანეთის თალიბანის ცნობით, შეერთებულ შტატებთან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება ყატარში საკონტაქტო ოფისის გახსნასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება საერთაშორისო საზოგადოებასთან მოლაპარაკების წარმოება უნდა იყოს. უცნობია აღნიშნული ოფისი ზუსტად სად გაიხსნება და ავღანეთის მთავრობა ჩაერთვება თუ არა მოლაპარაკებებში.
აშშ კი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას, ყატარში თალიბანის პოლიტიკური ოფისის შექმნის ჩათვლით. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს შეთანხმებას, თუკი ის ავღანეთში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს. ამგვარი საკითხების განხილვისას პირველ რიგში „ავღანეთი და თალიბები უნდა შეთანხმდნენ, “ - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
ინიციატივას დადებითად შეხვდა საგარეო ურთიერთბაბთა დეპარტამენტის ავღანეთის უმაღლესი სამშვიდობო საბჭოს ხელმძღვანელიც. მან იგი დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებებში წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. თუმცა, უცნობია პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი მიიღებს თუ არა აღნიშნულ გეგმას. მისმა სპიკერმა 3 იანვარს მხოლოდ ის თქვა, რომ ავღანეთის მთავრობამ 10-პუნქტიანი პროგრამა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ყატარში თალიბების ოფისის გახსნას არ შეეწინააღმდეგებიან, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ოფისის გახსნა საუდის არაბეთში ან თურქეთში ერჩივნათ.
როგორც ცნობილია, თალიბანი 1994 -ში, სამხრეთ ავღანეთში აღმოცენდა. თალიბები ქვეყანას 2001 წლამდე აკონტროლებდნენ. დღეს ისინი უპირისპირდებიან კარზაის ხელისუფლებას, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს.




