პენიტენციური სისტემა

სახალხო დამცველი საპატიმროში არასათანადო მოპყრობის მორიგ ფაქტზე

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, დაიწყოს წინასწარი გამოძიება მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ N18 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

 2011 წლის 24 დეკემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ მსჯავრდებულს.

გ.ოქროპირიძის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, 2011 წლის აპრილში მან მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. ოქტომბრის თვეში ევროსასამართლოდან მსჯავრდებულის განცხადებასთან დაკავშირებით გამოიგზავნა მითითება მისთვის მკურნალობის ჩატარების თაობაზე.

 2011 წლის 1 დეკემბერს მსჯავრდებული გადაყვანილი იქნა N18 სამკურნალო დაწესებულებაში. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ცნობაშია აღნიშნული: „ მისი განმარტებით, N18 დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან მას სისტემატურად აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსი ალექსანდრე თოლორდავა, დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილი და სხვა თანამშრომლები. ასევე სასჯელის დამატებით ემუქრებოდა სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ ბულბულაშვილი.“

 

 

 

კომენტარები