მოსკოვში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს , ტელეკომპანია "რუსთავი-2" -ის ოპერატორიც დააკავეს. „კურიერის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას" რუსთავი 2"-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელმა თამარ ნუცუბიძემ განმარტა, რომ ოპერატორი დააკავეს იმ ადგილას, სადაც რუსეთის მოქალაქეები სკანდირებდნენ : „ძირს პუტინი!“, ის აქციას იღებდა.
სამშაბათს, საღამოს, მოსკოვის ტრიმუფალურ მოედანზე გამართული საპროტესტო აქციის გამო,ოპოზიციის 250 -ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. დაკავებულებს შორის იყო" სოლიდარნოსტის" ლიდერი ბორის ნემცოვიც, თუმცა ის პოლიციამ დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლა. მოსკოვშივე, გუშინ 300 -მდე პირი დააკავეს მასშტაბური საპროტესტო მსვლელობის შემდეგ, რომლითაც მოსკოველებმა საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობა და მისი შედეგები გააპროტესტეს. საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართა სანკტ-პეტერბურგში, გავრცელებული ცნობებით, პოლიციამ იქ 200-მდე დემონსტრანტი დააკავა. დემონსტრანტები სანკტ-პეტერბურგში 5 დეკემბერსაც დააკავეს.
დასავლეთის პრესა აქტიურად წერს რუსეთში ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც რუსეთის უდიდეს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. „რუსეთის პრემიერი ზღვარზეა, ის უნდა შეჩერდეს და დაფიქრდდეს - მან არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ხალხს ააჯანყებს“- მოჰყავს la Repubblica-ს საბჭოთა ლიდერის მიხაილ გორბაჩოვის ნათქვამი. „ ტელევიზიებში ლაპარაკობენ, რომ არაფერი შეცვლილა, მაგრამ ქუჩებში, წვიმაში მოდის ხალხი და სკანდირებს : „რუსეთი პუტინის გარეშე! ეს ადამიანები არ არიან აქციების ტრადიციული მონაწილეები, პროფესიონალი პოლიტ. აქტივისტები. მოდიან დედები-ბავშვებით, სტუდენტები, პენსიონრები, 10 000 კაცი - მანიფენსტანტების ასეთი რაოდენობა მოსკოვს არ ახსოვს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.“- წერს გამოცემა.
The Washington Post -ი კი სარედაქციო სტატიაში წერს, თუ რა რეაგირება შეიძლება მოახდინოს პუტინმა დუმის არჩევნებზე საკუთარი პარტიის წარუმატებლობაზე და აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ექსპერტები მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რუსეთში სახელმწიფო ხარჯების ზრდას ვარაუდობენ. ამგვარად, სტატიის თანახმად, პუტინის რეაქცია შესაძლოა ამომრჩევლის მოსყიდვა იყოს ეს ერთი და მეორე - ბევრი რუსის დამშვიდება კორუფციასთან ბრძოლითაც შეიძლება. „მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პუტინი გაცილებით საშიში მიმართულებით იმოძრავებს - რუსული ნაციონალიზმის წახალისებით და რუსეთის შიგნით და გარეთ მტრების ძიებით „ - წერს Washington Post -ი და დასძენს, რომ „რეჟიმმა“ საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყო ამ მიმართულებით სვლა, როცა მუქარის ტონით დაუპირისპირდა ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსების გეგმას. სტატიაში ნათქვამია, რომ ობამას ადმინისტრაცია მზად უნდა იყოს უპასუხოს ამგვარ გამოწვევებს და თან ის მზად უნდა იყოს დაიცვას პუტინის სამიზნეში მყოფებიც, „მაგალითად საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლება. ამავდროულად, დემოკრატიულ სამყაროს იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ეს კვირა იყო დასაწყისი და არა დასასრული რუსეთის გამოღვიძების.“




