სამხრეთ ოსეთი

ჯიოევა მედვედევს სთხოვს არ დაუშვას სამოქალაქო ომი ცხინვალში

რუსული მედია ავრცელებს ცნობებს, რომ  ცხინვალში   რუსეთის წარმომადგენობაში მიიღეს ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა და მისი მომხრე ანატოლი ბარანკევიჩი.   ამასთან, რუსული მედიის ცნობით სეპარატისტმა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ უარი თქვა ჯიოევასთან შეხვედრაზე და არ მიიღო ის. ჯიოევა  ანატოლი ბარანკევიჩთან ერთად დე ფაქტო მთავრობის სახლში მივიდა და შეეცადა  შეეღწია კოკოითის კაბინეტში.  ” შეხვედრა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მივიღეთ ის რაც გვჭირდებოდა -  არჩევნების შედეგების შესახებ საარჩევნო კომისიის დოკუმენტის კოპიო”- განუცხადა მხარდამჭერებს ალა ჯიოევამ.  ამ დოკუმენტის  თანახმად  ალა ჯიოევა  გამარჯვებულია, თუმცა  დე ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო  არჩევნების შედეგები გაუქმებულად გამოაცხადა. მოგვიანებით ცხინვალიდან გავრცელდა ცნობა , რომ ჯიოევამ მოახერხა კოკოითისთან შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ მან განმარტა, რომ  მოქმედ დე ფაქტო ლიდერს   არჩევნების შედეგების  ანულირებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოსთხოვა და  თან მას და მის ოჯახს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზა. ჯიოევამ აღნიშნა,  კოკოითიმ ფიქრისთვის 2 დღე მოითხოვა, რაზეც   პასუხად მიიღო, რომ გადაწყვეტილებას მისგან 30 ნოემბერს, დღის განმავლობაში დაელოდებიან. 

ცხინვალში მთავრობის  სახლის წინ ჯიოევას მომხრეები არიან შეკრებილები  და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების  აღიარებას მოითხოვენ, იქვე მობილიზებულია სეპარატისტული მთავრობის ძალოვანი სტრუქტურებიც, გავრცელებული ცნობებით,  მათი მხრიდან იყო გამაფრთხილებელი გასროლა.   კოკოითიმ განაცხადა, რომ აქცია ცხინვალის ცენტრში  ”საზღვარგარეთ არის დაგეგმილი”.    თავის მხრივ ალა ჯიოევამ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს  ,  სთხოვა ჩაერიოს სიტუაციაში და განმუხტოს   დაპირისპირება , რომელიც ”სამოქალაქო ომის ზღვარზეა”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  განაცხადა , რომ სტაბილიზაციის უზრუნველყოფისთვის ცხინვალში პატივი უნდა სცენ კანონს და უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

 

კომენტარები