სამხრეთ ოსეთი

ცხინვალის არჩევნების შედეგები გაუქმდა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ  ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები  ბათილად გამოაცხადა. ამის შესახებ რუსული სააგენტო რია ნოვოსტი სასამართლოს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

სასამართლომ მმართველი პარტიის სარჩელი განიხილა, რომელიც  ოპოზიციონერი კანდიდატის ალა ჯიოევას მომხრეებს ამომრჩევლებზე ზეწოლაში და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების მოსყიდვაში ადანაშაულებდა.

თავად ალა ჯიოევამ საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ცხინვალის ცენტრში მის მხარდასაჭერად  რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. ოპოზიციონერი კანდიდატის განცხადებით, მისმა შტაბმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო ოქმი მიიღო,  რომლის მიხედვით,  სწორედ ჯიოევამ გაიმარჯვა. თუმცა,  კომისიას არჩევნების ოფიციალური შედეგები დღემდე არ გამოუქვეყნებია.

ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბელა პლიევა შეუძლოდ გახდა და ის ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი ჟურნალისტი მარია პლიონი ავრცელებს. როგორც ჟურნალისტი თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, კომისიის თავმჯდომარე  სამი დღის განმავლობაში  სხვადასხვა კაბინეტში ჰყავდათ გამომწყვდეული და მასზე ზეწოლას ახდენდნენ. სავარაუდოდ, მისი ჯანმრთელობის გაუარესებას სწორედ ამან გამოიწვია. 

კომენტარები