რუსეთი

პუტინმა ბავშვობა და დედა გაიხსენა

რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა დედის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე საკუთარი ბავშვობა და დედა გაიხსენა.“ ჩვენ ხელმოკლედ ვცხოვრობდით და ამიტომ ჩვენს ოჯახში ძირითადად შჩი, კოტლეტები და ბლინები მზადდებოდა. აი, კვირაობით და დღესასწაულებზე კი დედა კომბოსტოს ღვეზელებს ამზადებდა, ძალიან გემრიელი იყო,“- ბავშვობა და დედა პუტინმა ასე კონცერტის წამყვანის თხოვნით გაიხსენა. პუტინმა დამატებით დედაზე თქვა , რომ მას არ მოსწონდა ძიუდოთი შვილის გატაცება. „როცა ვარჯიშზე მივდიოდი ყოველ ჯერზე მეკითხებოდა : ისევ საჩხუბრად მიდიხარო?“- თქვა პუტინმა და დასძინა, რომ დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა , რაც მწვრთნელებმა მშობელს სპორტში შვილის წარმატებები აცნობეს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 4 მარტს დაინიშნა. რუსეთის პრეზიდენტის სავარძელში დაბრუნება სწორედ ვლადიმირ პუტინს აქვს გადაწყვეტილი. გავრცელებული ცნობებით, 27 ნოემბერს 1100 ჟურნალისტი იმუშავებს რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ყრილობაზე, რომელზეც პარტიამ პუტინი ოფიციალურად უნდა წარადგინოს პრეზიდენტობის კანდიდატად. ცნობილია, რომ რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მზადაა პუტინი ჩაანაცვლოს პრემიერის პოსტზე, მანამდე კი წინ 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებია. რუსეთში ჩატარებული გამოკითხვით, „ედინაია რასიას“ წინა არჩევნებზე გაცილებით ნაკლები ხმა ერგება. საზოგადოებრივი აზრის კვლევის წამყვანი დამოუკიდებელი ინსტიტუტის, ლევადას ცენტრის მონაცემებით, პუტინის პარტია 450 მანდატიდან დაახლოებით 253-ს აიღებს, როცა წინა არჩევნებში 315 მანდატი მოიპოვა. მეორე ადგილზე გავა კომუნისტური პარტია, მესამეზე კი ულტრანაციონალისტური ლიბერალ-დემოკრატიული პარტია.

დასავლეთის პრესა აქტიურად წერს რუსეთში იმ კაცის პოპულარობის რყევაზე, რომელიც ხელისუფლების სათავეში შესაძლოა 2024 წლამდე დარჩეს. „ გასულ კვირაში მოსკოვის ოლიმპიურ დარბაზში მას საჯაროდ დაუსტვინეს და დაუნგრიეს კიდეც ურყევი პოპულარობის ილუზი. ,ცხადია, ამან პუტინი შეაშფოთა, მეორე დღეს ის არ მივიდა იმავე დარბაზში მორიგ სპორტულ ღონისძიებაზე, შემდეგ კი რუსეთის დუმის დეპუტატების წინაშე გამოსვლისას მკაცრად მიუთითა ოპოზიციონრებს, რომ ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ არ უნდა წაიყვანონ.“- წერს The Guardian-ი.

 

კომენტარები