სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან

სიკორსკი: ევროკავშირი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს

ევროკავშირი საქართველოსთან და მოლდოვასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს. როგორც ვარშავაში აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, სამიტის დეკლარაციის ტექსტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შეთანხმებულია. მისი თქმით, დეკლარაცია შეიცავს პირობას უკრაინასთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ, ასევე,   საქართველოსთან და მოლდოვასთან თავისუფალი  ვაჭრობის შეთანხმებების გასაფორმებლად მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. „ჩვენ გვაქვს დეკლარაცია, რომელიც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს აძლევს უფრო მეტს, ვიდრე პოლონეთს გააჩნდა ევროკავშირში გაწევრიანებისას. დეკლარაცია ამ ქვეყნების ევროპულ ამბიციებს აღიარებს“,  - განაცხადა სიკორსკიმ.

მისი თქმით, რომის ხელშეკრულებისა და კოპენჰაგენის შეთანხმებების თანახმად, აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნებს  ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ექნებათ, თუ საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. 

მისი თქმით, სამიტზე ასევე გადაწყდება აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი  ქვეყნებისთვის  უვიზო რეჟიმის შემოღების პირობების გამარტივების საკითი.

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა 2009 წლის მაისში დაფუძნდა. მისი წევრები, საქართველოსთან ერთად,  ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი არიან. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ, მომავალი სამიტის კომენტირებისას განაცხადა, „წლევანდელი შემოდგომა საქართველოს­თვის ევროპული შემოდგომა იქნება” და წლის ბოლომდე საქართველო „ძალიან სერიო­ზულ გარღვევას” ელოდება ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

 

კომენტარები