ლოტის ცოლის სინდრომი

გთხოვთ დამეხმაროთ!
დიდი ხანი ვეძებდი სიტყვას, რომელიც წარსულში დაბრუნების სურვილს, მისკენ სწრაფვას ნიშნავს. ბევრი გავიკითხე და ვქექე ლექსიკონები, მაგრამ ვერ ვიპოვე. ვისაც არ ვკითხე, ყველამ “ნოსტალგია” მომცა პასუხად. კი, შეიძლება ეს სიტყვაც გამოვიყენო, მაგრამ “ნოსტალგია” უფრო კეთილშობილური რამ არის, ვიდრე ის, რასაც ვეძებ. ეს ალბათ ნაწარმოები სიტყვა უნდა იყოს, როგორიც, მაგალითად, ოსტალგია (აღმოსავლეთის სიყვარული - საბჭოთა ბანაკის, საბჭოთა აღმოსავლეთის სიყვარული, რომელიც ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოსახლეობას გაუჩნდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ), ან მისი საწინააღმდეგო ვესტალგია (დასავლეთის სიყვარული). ის, რასაც ვეძებ, უფრო სუიციდური ლტოლვაა.

მოკლედ, სახელი მინდა!
სულ ცოტა ხნის წინ თბილისს ესტუმრა რუსული დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი კასპაროვი. ინტერვიუ რუსთავი 2-თან რუსული სახელმწიფოს ქომაგისთვის დამახასიათებელი ტექსტით დაამთავრა: “არ შეიძლება დავივიწყოთ ძველი მეგობრობა და ის, რომ ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით”. ეს არ არის რაღაც ბავშვობის ნოსტალგია ან კიდევ უფრო გულის ამაჩუყებელი რამ. ეს არის ის, რასაც ვეძებ.

ამის სახელი მინდა!
რა არ უნდა დავივიწყო? უნდა დავივიწყო და აუცილებლად! რაც შეიძლება საფუძვლიანად და დიდი ხნით! იმიტომ, რომ ის სახელმწიფო არანორმალური და ამაზრზენი იყო. იმიტომ, რომ ის სახელმწიფო უცხოების იყო. აღარ გვინდა, ბატონო დემოკრატო, ის არადემოკრატიული სახელმწიფოს სიყვარული და ყველგან ამის შეხსენება. ეს რა სენი გვჭირს, სულ უკან რომ ვიყურებით? ეს რა სენი გჭირთ პრემიერს, პრეზიდენტს, ოპოზიციას, დემოკრატებს, ფაშისტებს და კომუნისტებს, მემარჯვენე-მემარცხენეებს, რადიკალებს და ლიბერალებს, სულ ერთი ჯოჯოხეთური საერთო საცხოვრებელი რომ გახსენდებათ? არ მინდა, აღარ მინდა, მოვრჩი, მოვიხადე ეგ სახადი. საყვარელი ხალხის მეტი არაფერი მაკავშირებს იმ ქვეყანასთან. არც გული შემტკიოდა და არც მისი წარმატებები მიხაროდა. სპორტშიც, როცა საბჭოთა კავშირი თამაშობდა, ყოველთვის მოწინააღმდეგის მხარეს ვიყავი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყო ის. არ მაინტერესებდა, ქართველები თამაშობდნენ იქ თუ არა. არც ბაიკანურის გაყვანა მიხაროდა და არც ოლიმპიადა. რატომ მაბრუნებთ უკან? დასავლური ფასეულობები გვინდა, წინ წავიდეთ რა, გთხოვთ.

ამის სახელი მინდა!
რა ვანდერი და ჰიუსტონი? არც ერთი მინდა და არც მეორე! ნუ გვაბრუნებთ უკან, ახალი, თანამედროვე გვინდა! თუნდაც მოხუცი იყოს, მაგრამ თანამედროვედ აზროვნებდეს. თანამედროვე გვინდა იმიტომ, რომ ნიჭიერები ვართ! დიდი შემოქმედებითი ძალაა ჩაბუდებული აქ. სტიმული უნდა ამას, რომ საზოგადოება ახალგაზრდა იყოს. ახალგაზრდა თაობა უნდა წყვეტდეს ქვეყნის მომავალს და არა საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქეები (მათ შორის მეც). არ არის ამ თაობისთვის ვანდერი და ჰიუსტონი არც მაგალითი და არც სტიმული. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. დამოუკიდებლობის 19 წელი. 19 წელი ერთი თაობაა. ბევრ მათგანს ვიცნობ და ძალიან კარგი ხალხია. შესაშური თვისებების მატარებელი ხალხი. სამწუხაროდ, უმეტესი ნაწილი ისევ “გარეთ” წასვლაზე ფიქრობს. ამის მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე კი არა, “ჟანგბადის” ნაკლებობაა. არ უნდა ამ ხალხს შაკირა და ბრაიან ადამსი. შაკირას უფასო კონცერტზე მივლენ, განა არ მივლენ, მაგრამ რას წაიღებენ, ეგ არის მთავარი. ვითომც არ ჩატარებულაო. მე არ მახსოვს, სადმე გამეგოს: აუ, შაკირას კონცერტზე რა მაგარი დრო ვატარეთო. რატომ ან ჰიუსტონი, ან ვანდერი? ამის სახელი მინდა მე!

დაახლოებით 70-80-იანი წლების რეპერტუარში ვართ დღესაც.

ამის აღმნიშვნელი სიტყვა მინდა, იცის ვინმემ?

P.S. ნუ მაბრუნებთ წარსულში, არ მინდა უკან გახედვა! აწმყოში და მომავალში მინდა ვიყურო, რამეთუ: “...უთხრა მათ ერთმა ანგელოზთაგანმა: “ნუ მიიხედავთ უკან...”

ჩემი ვერსიაა: “ლოტის ცოლის სინდრომი” - წარსულში დაბრუნების სურვილი, მისკენ სწრაფვა.

 

კომენტარები