ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ბოკუჩავა ითხოვს, რომ ხოშტარიას დაუყონებლივ ჩაუტარდეს დიაგნოსტიკური გამოკვლევა.
"ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის ყველა პაიკს, რომელიც დღეს საკუთარ თავს რაიმეს მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს ან ნებისმიერ ასეთ რამეს ეძახის - იქნება ეს ჯანდაცვის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, დეფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე თუ ნებისმიერი სხვა. იმის მიუხედავად, რომ პენიტენციური სამსახური მის ქრონიკულ დაავადებებს ადასტურებს, მრავალი თვეა, ელენეს ადეკვატური სამედიცინო დახმარება არ მიეწოდება [...]
ელენეს დაუყონებლივ სჭირდება კომპლექსური, დიაგნოსტიკური გამოკვლევა, რათა ადეკვატური მკურნალობა დაინიშნოს. დიაგნოსტირების გარეშე მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება [...] მოვითხოვთ, ელენეს ჩაუტარდეს გადაუდებელი დიაგნოსტირება, იმისთვის, რომ შემდგომ, მას შესაბამისი მკურნალობა მიეწოდოს. თავისუფლება ელენეს და ყველა პოლიტპატიმარს!". - თქვა ბოკუჩავამ.
რეჟიმის პატიმრის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის თქმით, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება".
ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა "რაიმე სახით ან ფორმით" არ გაუარესებულა.
უწყება წერს, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.
თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა.
პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.
ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.




