ელენე ხოშტარიას საქმე

პაპუაშვილი ხოშტარიაზე: რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ელენე ხოშტარიას შესახებ დასმულ კითხვაზე თქვა, რომ ამ თემის "ზედმეტი პოლიტიზება არავის არაფერს მოუტანს."

"პროცესი გამჭვირვალედ მიდის, რამდენადაც შეიძლება ეს იყოს, როდესაც საქმე ეხება პერსონალურ ინფორმაციას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ვხედავთ, რომ პენიტენციური სამსახური ჩართულია, მათ შორის არა მხოლოდ სამსახურის ექიმებს, არამედ ელენე ხოშტარიას პირად ექიმებსაც შეუძლიათ მისი მონახულება.

რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ამის ზედმეტი პოლიტიზება არავის არაფერს მოუტანს, არც არასდროს მოუტანია. ასე რომ თუკი ვინმე გულშემატკივრობს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას, აქ მთავარია სამედიცინო მონაცემებსა და ექიმის მონაცემებს მიჰყვნენ.

რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა პატიმრისთვის უფასო სამედიცინო დახმარებას და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. როგორც ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას." - თქვა პაპუაშვილმა მედიასთან. 


29 ივნისს, კოალიცია ცვლილებისთვის პარტიის წევრებმა ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბრიფინგი გამართეს. კოალიციის ლიდერის ნიკა გვარამიას ცნობით, ხოშტარიასთან შედიან ექიმები, რათა გამოიტანონ საბოლოო დასკვნა მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, 14 საათზე კი შეხვდებიან პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტს.

26 ივნისს, ხოშტარია წერილში წერდა, რომ "თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ. არცერთ ვითარებაში ჩემგან თხოვნას არ მიიღებთ."

25 ივნისს, ექიმმა მაკა იოსელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში ხოშტარია მოინახულა. მისი თქმით, ხოშტარიას გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილების გამო, პაციენტს გაუჭირდა სამედიცინო მაგიდაზე დაწოლაც კი.

იოსელიანის განცხადებით, 2024 წლის დიაგნოზი არის რადიკალურად შეცვლილი, დამატებულია წვრილი სახსრები, ხერხემლის, კერძოდ მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გავა-თეძო სახსრის ანთება.

17 ივნისს ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ციხეში პარტია დროას ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება".

ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა "რაიმე სახით ან ფორმით" არ გაუარესებულა.

უწყება წერს, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.

თავის მხრივ, პენიტენციურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა.

პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.

ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.

კომენტარები