ელენე ხოშტარიას საქმე

"დავგეგმეთ უახლოეს დღეებში ჩასატარებელი კვლევები" - ხოშტარია ვივამედში გადაიყვანეს

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. ხოშტარია უკვე მოინახულეს ექიმებმა - მაკა იოსელიანმა და ანი ქავთარაძემ. ისინი ასევე შეხვდნენ ვივამედის კლინიკურ დირექტორს.

"მასთან ვისაუბრეთ ელენეს დიაგნოზის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გავაცანით ჩვენი მოსაზრებები, შევთანხმდით თანამშრომლობაზე პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. გვქონდა ძალიან კოლეგიალური საუბარი, დავგეგმეთ უახლოესი დღეების მანძილზე ჩასატარებელი კვლევები. ამ ეტაპისთვის [ჩატარდა] მხოლოდ გარკვეული საბაზისო რუტინული ლაბორატორიული კვლევები, რომლის პასუხებიც სავარაუდოდ ხვალ დღის მეორე ნახევარში უკვე იქნება. ამის პარალელურად გვექნება ონლაინ კონსილიუმი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთანაც, რომლებთან ერთადაც უკვე დავგეგმავთ სხვა ინსტრუმენტულ კვლევებს და ასევე უფრო ვიწრო სხვადასხვა მიმართულებით ლაბორატორიულ კვლევებს.

ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა, შეიძლება ითქვას, რომ იგივეა, რაც გუშინწინ ვნახეთ ციხის პირობებში და ვიმედოვნებთ, რომ ამ ურთიერთთანამშრომლობის პროცესში ჩვენს კოლეგებთან ერთად შევძლებთ, რომ ელენეს დაავადების პროგრესირება შევაჩეროთ და დაუბრუნდეს ის ჩვეულ მდგომარეობას" - თქვა ანი ქავთარაძემ.


რეჟიმის პატიმრის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის მიერ 17 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება".

ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა "რაიმე სახით ან ფორმით" არ გაუარესებულა. უწყება წერდა, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.

თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა. მათი მტკიცებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.

25 ივნისს ექიმმა მაკა იოსელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში პარტია დროას ლოდერი, ელენე ხოშტარია მოინახულა. მისი თქმით, ხოშტარიას გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილების გამო - პაციენტს გაუჭირდა სამედიცინო მაგიდაზე დაწოლაც კი. ექიმის ინფორმაციით, 2024 წლის დიაგნოზი არის რადიკალურად შეცვლილი, დამატებულია წვრილი სახსრები, ხერხემლის, კერძოდ, მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გავა-თეძო სახსრის ანთება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ 29 ივნისს ელენე ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დროას ლიდერს ვივამედის კლინიკაში გადაიყვანდნენ. 

შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.

ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.

კომენტარები