ელენე ხოშტარიას საქმე

პენიტენციური: ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა

პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას ადვოკატის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს და წერს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა "რაიმე სახით ან ფორმით" არ გაუარესებულა.

"ვეხმაურებით ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით. ხოშტარია N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით. მ

ისი დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება. სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს. უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა.

მსჯავრდებული კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრისა და რევმატოლოგის მიერ. ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის ხერხემლისა და ზურგის ტვინის მრტ კვლევა. მსჯავრდებულს რევმატოლოგის ბოლო კონსულტაცია ჩაუტარდა 2026 წლის 5 ივნისს, გაიცა რეკომენდაცია და განხორციელდა შესაბამისი კვლევები. დაენიშნა მკურნალობა, მოქმედი გაიდლაინებისა და პროტოკოლის შესაბამისად.

ელენე ხოშტარიას დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან მსჯავრდებულის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებასთან, ან დამატებით გამოკვლევებთან დაკავშირებით. მსჯავრდებულმა რევმატოლოგთან განმეორებით კონსულტაციაზე უარი განაცხადა. მორიგი კონსულტაცია ჩანიშნულია დღეს, 2026 წლის 17 ივნისს, რასთან დაკავშირებითაც მსჯავრდებულს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გამოუხატავს.

მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე სამსახურის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. მას დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რაც შეეხება შეხვედრას, როგორც ელენე ხოშტარიას, ისე ნებისმიერი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი შეუფერხებლად ხვდება როგორც პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, ისე მის მკურნალობაზე პასუხისმგებელ სამედიცინო პერსონალს. აქვე, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას დამატებით შეხვედრასთან დაკავშირებით.

პენიტენციური სამსახური მკაცრად მოუწოდებს ნებისმიერ პოლიტიკურად დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან". - წერია განცხადებაში.

რეჟიმის პატიმრის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის თქმით, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება".

შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.

ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.

კომენტარები