აშშ-საქართველოს ურთიერთობები

უილსონი არასერიოზული ადამიანია, რუკაზე ვერ ნახავს, სად არის საქართველო – კალაძე

ივანიშვილის თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ამაყობს "იმ პოლიტიკით, იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენმა გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო". კალაძე "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტის" მიღებამდე რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას  გამოეხმურა. 

კალაძე უილსონსა და მის განცხადებებს არასერიოზულს უწოდებს. 

"პირველი, რაც შემიძლია გულწრფელად გითხრათ, არის ის, რომ საქართველო არის ქართველი ხალხის გავლენის ქვეშ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე, როგორც პარტია ქართული ოცნების ერთი რიგითი წევრი, ვამაყობ იმ პოლიტიკით, იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენმა გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო და რეალურად ქართველ ხალხს დაუბრუნა ძალაუფლება. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ხვალ, ზეგ, მაზეგ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა გარედან მითითებებით, როგორც ეს 2012 წლამდე ხდებოდა.

რაც შეეხება ჯო უილსონს, მგონი ამაზე არ უნდა შეჩერდეთ, არასერიოზული ადამიანია თავისი განცხადებებით, თავისი დამოკიდებულებით თუნდაც საქართველოსთან დაკავშირებით. რომ აჩვენო, დარწმუნებული ვარ, რუკაზე ვერ ნახავს, სად არის საქართველო". - პრესსამსახურის ცნობით, განაცხადა კალაძემ. 

რაც შეეხება ქართული ოცნებისა და ჩინეთის ურთიერთობას, კალაძის განცხადებით, ატარებენ "ისეთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იქნება მნიშვნელოვანი". 

"წარმოუდგენელია უბრალოდ. თუნდაც პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განცხადებებს თუ შევხედავთ, პირიქით, საუბარია იმაზე, რომ ჩინეთთან დაათბონ ურთიერთობა, კიდევ უფრო მეგობრული გახადონ, ჩინეთის პრეზიდენტს პირდაპირ მეგობარს უწოდებს. ასევე, თუ შევხედავთ ევროპული ქვეყნების ლიდერებს, პრეზიდენტებს, თანამდებობის პირებს, ყველა საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია. ჩვენც გამოვდივართ ჩვენი ინტერესებიდან და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იქნება მნიშვნელოვანი" - თქვა მან პრესამსახურის ცნობით.

8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უილსონის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად, აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში გასაიდუმლოებული ანგარიშის წარდგენას ავალებს, საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

კომენტარები