ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, "ჯო უილსონი არის სრულიად არასერიოზული კაცი, ყველა თვალსაზრისით. არ ვიცი, მე მგონი, არავინ აღიქვამს მას სერიოზულად, არც საკუთარ ქვეყანაში". კობახიძე გამოეხმაურა რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებას, რომელიც ჯო უილსონმა "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტის" მიღებამდე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"ის წარმოადგენს პრეზიდენტის პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას და თქვენ იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალუურად ცდილობს, გააღრმავოს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან, მას ჰქონდა ცოტა ხნის წინ ვიზიტი ჩინეთში, მეგობარს უწოდებს ჩინეთის პრეზიდენტს.
ამ ფონზე, როდესაც გამოდიც ვიღაც ჯო უილსონი და საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთს აქვს ნეგატიური გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, სრულიად არასერიოზულია, ეს მგონი, რამე განსაკუთრებულ კომენტარს არ იმსახურებს" - ამბობს კობახიძე.
8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უილსონის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად, აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში გასაიდუმლოებული ანგარიშის წარდგენას ავალებს, საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.





