უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიჰას თქმით, მას უნგრელ კოლეგასთან, ანიტა ორბანთან "კონსტრუქციული და შინაარსიანი" დიალოგი ჰქონდა, რის შედეგადაც შეთანხმდნენ უნგრელ-უკრაინელი ექსპერტებთან ერთად კონსულტაციების ჩატარებაზე, "რათა მონახონ პრაქტიკული და სანდო გამოსავალი ზაკარპატიის რეგიონში მცხოვრები უნგრული უმცირესობისთვის."
სიბიჰამ აღნიშნა, რომ "უკრაინა მზად არის, დაუყოვნებლივ დაიწყოს ახალი, ორმხრივად სასარგებლო ეტაპი უკრაინულ-უნგრულ ურთიერთობებში."
"ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ უნგრეთის ახალ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ყველა საკითხზე, მათ შორის ეროვნული უმცირესობების თემაზე, ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის მიზნით," - წერს სიბიჰა X-ზე.
ამასთან ერთად, სიბიჰამ უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა "პრინციპული და სწრაფი" პასუხისათვის უკრაინაზე რუსეთის უახლეს დარტყმებზე.
ცნობისთვის, აქამდე უნგრეთმა რუსეთის ელჩი უკრაინის დასავლეთ რეგიონზე, ზაკარპატიის ოლქზე თავდასხმის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.
მოგვიანებით უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის ელჩი დაიბარა, მას უთხრა, რომ უნგრეთისთვის სრულიად მიუღებელია რუსეთის მიერ ზაკარპატიაზე თავდასხმა.
"მე კიდევ ერთხელ ავღნიშნე, რომ უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსულ თავდასხმას და ჩვენ ველით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას," - განაცხადა ორბანმა.
ამას გარდა, გამოცემა Bloomberg 30 აპრილს იუწყებოდა, რომ მადიარმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოსტასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ კიევი მეტ უფლებას მიანიჭებს უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს.
Bloomberg წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მადიარს მოუწოდებს თანამდებობის დაკავების შემდეგ შეწყვიტოს უკრაინის გაწევრიანებისადმი წინააღმდეგობა, რომელიც ვიქტორ ორბანის მთავრობას ჰქონდა, მადიარმა წააყენა პირობები, რომლებიც ძირითადად იმეორებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ორბანმა უკრაინას 2024 წელს წარუდგინა. მოთხოვნები ეხება უნგრული უმცირესობის უფლებებს და უნგრულენოვან განათლებაზე წვდომას.
ორბანი წლების განმავლობაში ადანაშაულებდა კიევს უკრაინის დასავლეთ ზაკარპატიის რეგიონში მცხოვრები დაახლოებით 150 000 ეთნიკური უნგრელის კულტურული და ენობრივი უფლებების შეზღუდვაში, რასაც კიევი უარყოფს.
აპრილში მადიარმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინულ ქალაქ ბერეგოვში პირველი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.
"ჩვენ ვთანხმდებით, რომ ზაკარპატიაში მცხოვრები უნგრელების ინტერესებშია უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების თავიდან დაწყება. ამის საფუძველზე, ივნისის დასაწყისში ვიწყებ ინიციატივას უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ, სიმბოლურად - ბერეგოვოში" - აღნიშნა მადიარმა.
"დროა, რომ უკრაინამ დაასრულოს ათ წელზე მეტი ხნის საკანონმდებლო შეზღუდვები, ხოლო ზაკარპატიის უნგრელებმა აღიდგინონ თავიანთი ყველა კულტურული, ენობრივი, ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო უფლებები და კვლავ გახდნენ უკრაინის თანასწორი და პატივცემული მოქალაქეები... თუ ამ საკითხების გადაწყვეტა მოხერხდება, ჩვენ ნამდვილად შევძლებთ უკრაინულ-უნგრულ ორმხრივ ურთიერთობებში ახალი თავის დაწყებას" - დაამატა მადიარმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2025 წელს განათლების საკითხებზე უკრაინის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისებს "პერსპექტიულად, მაგრამ არასაკმარისად" მიიჩნევს.
ზელენსკის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა შემოთავაზებას უპასუხა და აღნიშნა, რომ "პრეზიდენტს ივნისისთვის გრაფიკი ჯერ არ შეუთანხმებია".





