უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, უკრაინა დაზიანებული "დრუჟბას" მილსადენით უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდებას არ აახლებს, რითაც უნგრეთს "აშანტაჟებს". მანვე დაამატა, რომ "უნგრეთი უკრაინას კოლონია არ გახდება".
ამის შესახებ ორბანმა ვიდეომიმართვაში ილაპარაკა.
"პრეზიდენტ ზელენსკის ნავთობსადენი კვლავ დახურული აქვს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ის უნგრეთისთვის და სლოვაკეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი ექსპერტები კიევში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან, თუმცა მათ ნავთობსადენთან ისევ არ უშვებენ". - თქვა ორბანმა.
ორბანმა ასევე "უკრაინის შანტაჟის წინააღმდეგ" დაგეგმილ "მშვიდობის მარშზე" ილაპარაკა და მოსახლეობას მონაწილეობისკენ მოუწოდა.
"ხვალ მშვიდობის მარშია. ყველას ვთხოვ, რომ შემოგვიერთდნენ. მოდით, გამოვიდეთ უკრაინის შანტაჟის წინააღმდეგ. უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება, ზელენსკი აქ ბრძანებებს არ გასცემს". - თქვა ორბანმა.
ორბანმა ასევე დაამატა, რომ მსოფლიოს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო წარმოქმნილი ნავთობის კრიზისის დაძლევა უჭირს. უნგრეთის პრემიერი ამბობს, რომ ამის მოგვარება შედარებით იაფი რუსული ნავთობით შეიძლება, თუმცა ბრიუსელი ამ შესაძლებლობას უარყოფს.
"ამერიკელებმა უკვე მიიღეს ზომები და სანქციების მოხსნა დაიწყეს, თუმცა ბრიუსელში ისტერიკა ჯერ ისევ არ ცხრება. ევროკომისია და გერმანიის კანცლერი რუსულ ნავთობზე შეზღუდვებს ტოვებს". - თქვა ორბანმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ დაზიანებული "დრუჟბას" მილსადენის გაერთიანებული საგამოძიებო გუნდი შექმნეს.
11 მარტს უნგრეთის ექსპერტთა მისია უკრაინაში ჩავიდა, რათა მილსადენის დაზიანება შეაფასოს, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ ოფიციალური სტატუსი არ აქვთ და ვიზიტი შეთანხმებული არ ყოფილა.
"დრუჟბას" მილსადენი უნგრეთს უკრაინის გავლით რუსული ნედლი ნავთობით ამარაგებდა.
27 იანვარს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსული დრონის შეტევის შედეგად, "დრუჟბას" მილსადენის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც ნავთობის მიწოდება შეწყდა. მათი თქმით, მიმდინარეობის მილსადენის აღდგენის სამუშაოები.
უნგრეთი უკრაინას ადანაშაულებს მიწოდების განახლების პოლიტიკური მიზეზებით შეფერხებაში.
"დრუჟბას" მილსადენის მუშაობის შეფერხების გამო, უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს უკრაინისთვის დიზელის ექსპორტის შეჩერების შესახებ და ასევე იმუქრებიან ელექტროენერგიისა და გაზის ექსპორტის შეწყვეტით.
ორბანმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარისკაცებს და ტექნიკას განათავსებს, რათა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა "პოტენციური უკრაინული საფრთხისგან" დაიცვას.
ამასთან ერთად, უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შეთანხმებული €90 მილიარდის სასესხო პაკეტი დაბლოკა.





