უნგრეთმა უკრაინას სრულად დაუბრუნა უკრაინული ოშჩადბანკის ფული და ძვირფასეულობა, რომელიც მარტში უნგრეთის სპეცსამსახურებმა მიითვისეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
"დღეს დაბრუნდა ოშჩდადბანკის ფული და ძვირფასეულობა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში უნგრეთის სპეცსამსახურებმა მიიტაცეს. მაშინ უნგრულმა მხარემ უკანონოდ დააკავა უკრაინელი ინკასატორები. ადამიანების დაბრუნება უფრო სწრაფად შევძელით. ახლა უკვე უკრაინის ტერიტორიაზე სრულადაა ფულიც და ძვირფასეულობაც." - დაწერა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ უნგრეთს კონსტრუქციული მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა.
მარტის დასაწყისში უკრაინის ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ცნობა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ დააკავა უკრაინელი ინკასატორები და ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხა. ოშჩადბანკის ინკასატორების ავტომობილებიდან ამოიღეს 35 მილიონი ევრო და 40 მილიონი აშშ დოლარი, ასევე 9 კილოგრამი ოქრო.
უნგრეთმა უკრაინელი ინკასატორები გაათავისუფლა, თუმცა მიიღო კანონი, რომელიც შესაძლებელს ხდიდა ოშჩადბანკის მანქანებიდან ფულისა და ძვირფასეულობის ჩამორთმევას. შემდეგში ყოფილი პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის, მთავრობის ერთ-ერთმა მინისტრმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ინკასატორების დაკავება და თანხის ჩამორთმევა ნავთობსადენი დრუჟბას "ბლოკირების" პასუხად გადადგმული ნაბიჯი იყო.
აპრილში გავრცელდა ცნობა, რომ ზელენსკი უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულ პეტერ მადიართან ჩამორთმეული ფულის საკითხს განიხილავდა.





