პატრიარქის არჩევნები

"ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება" – მეუფე იობი ეკლესიაში გარე ჩარევებზე

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, პატრიაქობის კანდიდატმა, მეუფე იობ აქიაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე "რას ფიქრობს საგარეო ჩარევებზე საქართველოს ეკლესიაში", უპასუხა, რომ ყველამ იცის, რომ ზეწოლაც და ჩარევებიც ხდება.

მეუფე იობმა ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, საპატრიარქო წესდება შესაცვლელია და არც სასულიერო დიპლომთან დაკავშირებით და არც წლოვანებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ უნდა იყოს.

"დაიკარგა დიპლომი. ნამდვილად [მოპარულია]. დღესდღეობით აღდგენილი არის უკვე. ჩემი თვალით ვნახე, საერო დიპლომიც დაკარგულია და სასულიეროდ. დამირეკეს საპატრიარქოდან, მეუფე თეოდორემ მითხრა, რომ აუცილებლად წარმოადგინეთ თქვენი სასულიერო სასწავლების დამთავრების დიპლომი. როცა წავედი, სადაც იყო და სადაც ვიცოდი რომ იყო, იქ აღარ იყო.

მე ვფიქრობ, რომ წესდება შესაცვლელია და, ალბათ, უნდა შევცვალოთ იმიტომ, რომ ეს შეზღუდვები არ უნდა იყოს არც სასულიერო დიპლომთან დაკავშირებით და არც წლოვანებასთან დაკავშირებით. მე მინდოდა, რომ მიეღოთ მონაწილეობა მეუფე დანიელსაც და მეუფე ისაიასაც.

მე ჩემი ხედვები უკვე წერილობით მაქვს დაფიქსირებული და ალბათ, გაფართოებულ სხდომაზე ვიტყვი ამას. ცვლილებები უნდა მოხდეს აუცილებლად, რეფორმები უნდა გატარდეს ძალიან ბევრი მიმართულებით. მაგალითად, ჩვენ გვაქვს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და ეს კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში.

[საგარეო ჩარევებზე] ყველამ ვიცით, რომ ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება". - თქვა "დროებასთან" მეუფე იობმა.

5 მაისს საპატრიარქოს ცნობით, ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელმა კომისიამ მიტროპოლიტ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა.

მანამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის თქმით, საპატრიარქო კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი რეზიდენციიდან დაიკარგა. მისი განცხადებით, "2 თვის წინ იდო, ნახა დიპლომი" რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა, ხოლო  წმინდა სინოდის სხდომის წინ, როცა საპატრიარქო კანდიდატობისთვის დოკუმენტები უნდა წარედგინათ, დიპლომი ვეღარ იპოვა.

მეუფე გიორგის თქმით, სასულიერო აკადემიას მიმართეს, რომ მეუფე იობის განათლება დაედასტურებინათ.

"მივმართეთ მცხეთის სემინარიის სამართალდამემკვიდრეს, დღევანდელ სემინარიას, რომლის რექტორიც ბრძანდება ღრმად პატივცემული პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. იკრიბება კომისია და ეს მტკიცებულებები მათ მაგიდაზეა. ასევე, არქივებშიც იქნა სხვა დამამოწმებელი საბუთები და არ უნდა იყოს პრობლემა დიპლომის გაცემის, რადგან ასევე არსებობს პატრიარქის ბრძანება N134, რომელიც გულისხმობს, რომ 2005 წლამდე ვინც მიიღო განათლება, კვალიფიკაცია და ვერ ახერხებს, დაადასტუროს დიპლომით, ან დაკარგულია, ან გაურკვეველ ვითარებაშია, ასეთ პირებს დაევალათ, კომისიამ იმსჯელოს და მოხდეს ამის აღიარება" - თქვა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა 4 მაისს. 

ასევე, ჯამდელიანის თქმით, მათ სინოდის 28 აპრილის სხდომაზე, სადაც 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩიეს, წარადგინეს სემინარიის მაშინდელი რექტორის, მიტროპოლიტი ზოსიმეს გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ 1988 წელს მღვდელმონაზონ იობ აქიაშვილზე გაცემული იქნა დიპლომი. მეუფე გიორგიმ TV პირველის ეთერში აჩვენა სასულიერო სემინარიის სტუდენტის მაშინდელი ბილეთიც, რომელსაც ასევე რექტორი, ეპისკოპისი ზოსიმე აწერს ხელს.

კომენტარები