ივანიშვილის პარლამენტმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის შესახებ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. აღნიშნულ პოზიციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოსტიდან ვადაზე ადრე გადადგომის შემდეგ მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს, "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში" შევა.
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცალკე არ შეიქმნება. კანონპროექტი ივანიშვილის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე I მოსმენით ივანიშვილის მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა. ბაჩიაშვილის განცხადებით, ახელმწიფო მინისტრს ორგანიზაციულ, მატერიალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს.
ცნობისთვის, 21 აპრილს ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძე დაიკავებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს და დაეკისრება ვიცეპრემიერის მოვალეობაც.
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე გეკა გელაძე ჩაანაცვლებს, რომელიც აქამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს, მას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავჯდომარე იყო.
შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა.
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი 2025 წლის 28 მარტს დაიკავა.
ხოლო, სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ გასული წლის 7 აპრილს აირჩიეს.





