ივანიშვილის რეჟიმს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შემოაქვს, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. შესაბამისი ცვლილებები მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში შედის.
ცნობილი გახდა, რომ ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცალკე არ შეიქმნება. კანონპროექტი ივანიშვილის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე I მოსმენით ივანიშვილის მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
"კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში ახალი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება - ეს იქნება სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში [...] ეს მათი საქმიანობის გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება [...]
ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცალკე არ შეიქმნება. სახელმწიფო მინისტრს აპარატულ მხარდაჭერას, რაც მის ორგანიზაციულ, ტექნიკურ, მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს". - თქვა ბაჩიაშვილმა.
ასევე, კანონპროექტით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები თავდაცვის უწყებაზე არ გავრცელდება.
კანონპროექტს ივანიშვილის პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მას მიმდინარე კვირაში მიიღებს.
21 აპრილს ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძე დაიკავებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს და დაეკისრება ვიცეპრემიერის მოვალეობაც.
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე გეკა გელაძე ჩაანაცვლებს, რომელიც აქამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს, მას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავჯდომარე იყო.
შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა.
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი 2025 წლის 28 მარტს დაიკავა.
ხოლო, სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ გასული წლის 7 აპრილს აირჩიეს.





