სახელმწიფო უსაფრთხოების [სუს] განცხადებით, სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანის ბრალდებით სუს-ის ყოფილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავეს.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"- წერს უწყება.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.
სუს აღნიშნავს, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი, მცირე მასშტაბის შიდა ინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი".
განახლება: მოგვიანებით, სამთავრობო ტელეკომპანია იმედმა გავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული პირი დაცვის პოლიციის მაღალჩინოსანი, ვაკო ბიძიშვილია.
პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





