ოპოზიციის ალიანსი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში ალიანსის წევრი პარტიების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მათ უორდს ალიანსის ხედვები გააცნეს, საუბარი შეეხო რეჟიმის დასანქცირების მნიშვნელობასაც.
"განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთი, იმ თვალსაზრისით, რომ მისი სანქციები ყველაზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ალიანსს ნათქვამი აქვს - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია და ასევე ალტერნატივის შეთავაზება. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც დღევანდელი შეხვედრა იყო წარმატებული. დიახ, ჩვენ ვართ ალტერნატივა მათ შორის" - განაცხადა პარტია ახალის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
"ჩვენ მათ ვუთხარით, რის შესახებაა ალიანსი, რომ ეს არ არის მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ, რომ ეს არის ასევე ოპოზიციის დემოკრატიული გადატვირთვის პროექტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლები ფოკუსი უნდა იყოს პოლიტიკურ მანევრებზე და ავტოკრატი ლიდერების ინსტინქტებზე და მეტი ფოკუსი - იმაზე, რაც აწუხებს ხალხს. ამაზე ვისაუბრეთ და ეს ძალიან გასაგები და სასიხარული გზავნილი იყო ჩვენი ბრიტანელი დემოკრატიული პარტნიორისთვის" - განაცხადა პარტია ფედერალისტების ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.
"დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, მხარდამჭერი საქართველოსთვის ათწლეულების განმავლობაში და ეს ინტერესი არსებობს და სწორედ ეს იყო შეხვედრის ძირითადი საფუძველი. რაც მთავარია, როგორ მუშაობს ოპოზიციის ალიანსი, რა გეგმები გვაქვს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას - ეს იყო ინეტრესის საგანი" - განაცხადა პარტია ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი წერეთელმა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეგობრებმა გააგრძელონ საქართველოს მხარდაჭერა და სანქციები განახორციელონ იმ მოღალატურ რეჟიმზე, რომელიც საქართველოს უშლის ხელს, რომ ჩვენ შევძლოთ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება და ამ გზით საქართველოს მშვიდობიანი გათავისუფლება. ამიტომ, ყველანაირი მშვიდობიანი მეთოდი, ამ მოღალატურ-კრიმინალურ რეჟიმთან ბრძოლისა არის მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან ზეწოლის თვალსაზრისით" - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ.





