ოპოზიციის ალიანსი

არ ვცვლით დაგეგმილ მარშრუტს. ვეცდებით, შევიტანოთ ტექნიკა - ალიანსი 26 მაისის აქციაზე

პარტია ახალის ლიდერმა ნიკა გვარამიამ ოპოზიციური ალიანსის სახელით, 26 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ განმარტებები გააკეთა.

გვარამიას განცხადებით, აქცია "უკვე ორი თვის განმავლობაში არის დაანონსებული", ხოლო რამდენიმე დღის წინ მერიისგან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მიიღეს უარი ტექნიკის, გახმოვანების, ეკრანებისა და სცენის გადატანაზე.

ამის მიუხედავად, გვარამიას თქმით, ალიანსი არ ცვლის დაგეგმილ მარშრუტს და არ აპირებენ დაემორჩილონ "ივანიშვილის რეჟიმის ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს", რაც მისივე სიტყვებით, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებსა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

"გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ რუსთაველი ცარიელი იქნება ჭანტურიას ქუჩის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ეს არის მერიოტთან ჩასახვევი და იქ უბრალოდ არაფერი არ იქნება, ჩვენ ვითხოვთ სწორედ ამ ტერიტორიას, რომელიც, როგორც თავად განაცხადა გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იქნება გადაკეტილი და ცარიელი.

ეს ტერიტორია ეკუთვნის მოქალაქეებს, ეს ტერიტორია ტრადიციულად არის პროტესტის გამოხატვის ადგილი თბილისში, როგორც მაგალითად, აი პარკია ლონდონში და ზუსტად რუსთაველის გამზირია ასეთი საპროტესტო ადგილი თბილისში, ისტორიულად მოყოლებული საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდიდან, როდესაც ზუსტად რუსთაველის გამზირზე დაიშალა საბჭოთა კავშირი, ასევე ვაპირებთ ჩვენ რეჟიმის ჩამოშლას ჩვენი უწყვეტი, ძალიან პრინციპული პროტესტით, ჩვენში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეები, რომელიც მიმდინარეობს 500 დღეზე მეტია და 26 მაისს ვგეგმავთ, ძალიან ბევრი ადამიანით უკვე ახალ საფეხურზე გადაყვანას პროტესტის, რაც მოიცავს კვლავ ძალიან ბევრი ადამიანის მეშვეობით რეჟიმის გაპროტესტებას. 

ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მკაფიო, ჩვენ არ ვცვლით დაგეგმილ მარშრუტს, რომელიც ორი თვეა ცნობილია ხელისუფლებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც და იმიტომ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა თავისი შიშის, თუ რაიმე სხვა მხოლოდ მისთვის ცნობილი მიზანშეწონილობის გამო, შეგვაცვლევინოს გეგმები ჩვენ და უამრავ საქართველოს მოქალაქეს, ამის გამო ეს გეგმები არ შეიცვლება. 

მოკლედ, შემაჯამებელი სიტყვა, რომ ვთქვა ხვალ, 19:00 საათზე ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და შემდგომ მივდივართ მარშით რუსთაველზე, მანამდე ჩვენ ვეცდებით ბოლომდე, რომ შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები და სრულფასოვანი აქცია გავმართოთ და ის რისი უფლებაც გვაქვს.

მოვუწოდებ "ხელისუფლებას" თავი შეიკავოს ნებისმიერი ინციდენტისგან, შევახსენებ რომ აქ იმყოფება, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაცია, მასთან შეხვედრები აქვს ოპოზიციას, ასევე თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასაც და პროცესები ძალიან დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. შეიკავოს თავი ყველამ უკანონო ქმედებებისგან იმიტომ, რომ უკანონობაზე ყოველთვის არსებობს პასუხი, შეიკავოს თავი ყველამ ნებისმიერი ტიპის ესკალაციისგან, ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი და ემყარება მხოლოდ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს და ვალდებულებებს ჩვენი სამშობლოს წინაშე, გელოდებით ხვალ, 19:00 საათზე უნივერსიტეტთან." - ამბობს გვარამია.

ცნობისთვის, 31 მარტს, ალიანსმა დააანონსა ეროვნული მობილიზაციის კამპანია და განაცხადა, რომ 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართებოდა. 

კომენტარები