ოპოზიციის ალიანსი

2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით – კობახიძე ოპოზიციის ალიანსს

ირაკლი კობახიძე  
TV იმედი

ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით. აღნიშნული განცხადება კობახიძემ მედიის კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც ოპოზიციის ალიანსის განცხადებას შეეხებოდა.  

"2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევ ყველას. დღევანდელი კანონმდებლობა, არის აბსოლუტურ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და შესაბამისად, ჩვენ 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს ჩავატარებთ დღეს მოქმედი კანონმდებლობით" - განაცხადა კობახიძემ. 

15 მაისს, ოპოზიციის ალიანსმა ბრიფინგი გამართა და დაასახელა 6 მოთხოვნა, რომელთა შესრულებაც აუცილებელია საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

ეს მოთხოვნებია:

  1. შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი - გახდეს სრულად პარიტეტულ პრინციპებზე დაფუძნებული. 2020 და 2024 წლის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლის, ხოლო ყველა შემდეგი კომისია უნდა დააკომპლექტოს ახალმა კომისიამ ამ პრინციპით. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევთ ლეგიტიმურად, თუმცა პირობითად, ბარიერგადალახული პარტიების პრინციპიდან გამომდინარე ვიღებთ ამ მაჩვენებლებს.
  2. ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ საარჩევნო ხმის უფლება და მათთვის გამარტივდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
  3. სანდო კომისიასთან ერთად, მნიშვნელოვანია სანდო კომისიები, ამისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, ამიტომ დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები და ასევე, მნიშვნელოვანია აუდიტისა და შესწავლის/შემოწმების ნაწილში მოვიწვიოთ სანდო საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს, როგორც აპარატებს, ისე კენჭისყრის დღის პროცესს.
  4. გაიხსნას ამომრჩეველთა სია და შესაძლებელი გახდეს არჩევნების ამომრჩევლის მონაწილეობის გასაჯაროება.
  5. საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოში შეიქმნას საარჩევნო დავების განმხილველი კოლეგიები, რომელიც შერჩეული იქნება საერთო შეთანხმების საფუძველზე.
  6. გაუქმდეს ყველა ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქართულმა ოცნებამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო.

კომენტარები