ოპოზიციის ალიანსმა საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
განცხადებები გიგი წერეთელმა, გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთეს.
"ვხედავთ, რომ საქართველოსთვის მისი სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად, ძალიან ხელსაყრელი პირობები დგება იმ პროცესში, როცა რუსეთი სუსტდება - პრაქტიკულად, ის ბევრ ფრონტზე მარცხდება, მოკავშირეებს კარგავს სხვადასხვა კონტინენტზე, სუსტდება პოლიტიკურად, ეკონომიკურად [...] მეორე მხრივ, ვხედავთ იმას, რომ ევროკავშირი ფართოვდება, ეს პროცესი ჩქარდება - ვხედავთ, როგორ არის მოლდოვისა და უკრაინის საკითხი. ამავე დროს, ვხედავთ ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ძალიან გაზრდილ ინტერესს [...] ის კანონპროექტიც, რომელიც გუშინ კონგრესში მიიღეს, მავნე გავლენების საწინააღმდეგო: რუსეთი, ირანი, ჩინეთი - ესეც სწორედ საქართველოსა და მისი უსაფრთხოების დაცვაა.
ამას ადეკვატური აღქმა უნდა ჰქონდეს, რაც არ ხდება. ამ ყველაფერს ის მთავრობა სჭირდება, რომელიც ადეკვატურ ნაბიჯებს დგამს, დღეს კი სრულიად საპირისპირო გვაქვს, როცა ქართული ოცნების რეჟიმი ყველა ნაბიჯს იმის საწინააღმდეგოდ დგამს, რომ საქართველომ ეს ძალიან დიდი შესაძლებლობები გამოიყენოს - იქნება ეს პოლიტიკური ოპონენტების დევნა, თავისუფალი არჩევნების პერსპექტივის მოსპობა, რეპრესიული კანონები, ანტიდასავლური რიტორიკა და ა.შ. " - თქვა გიგი წერეთელმა.
გიგა ბოკერიას თქმით, მათი ეროვნული ამოცანაა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა იყოს.
"ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ ამ პროცესში, რაც მოკლედ აღვწერეთ, საქართველო ლიდერი იყოს. ეს უნდა მოხდეს არა აშშ-ის ინტერესებისთვის, არამედ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესშია. ჩვენს ინტერესებშია, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ ტრამპის მარშრუტის პროექტში (TRIPP) საქართველო ლიდერი იყოს. მაგრამ, ამას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც არ მოქმედებს საქართველოს, დასავლეთისა და აშშ-ის წინააღმდეგ.
ამიტომ, უბრალოდ დეკორატიული ნაბიჯები, ან რიტორიკაში მცირე ცვლილება ამას ვერ შეცვლის. ამით არც ჩვენი პარტნიორი მოტყუვდება და არც საზოგადოების ნაწილი უნდა მოტყუვდეს, რასაც წლების განმავლობაში, თავისი ბუნდოვანებით ეს რეჟიმი ახერხებდა ხოლმე, როცა ანტიქართულ და ანტიდასავლურ საქმეს აკეთებდა. ამიტომ, ცვლილება ფუნდამენტური უნდა იყოს. ამას ამ რეჟიმის გამოცვლა სჭირდება" - განაცხადა ბოკერიამ.
ზურაბ ჯაფარიძე კი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა რუსეთზე, ირანსა და ჩინეთზე არასწორი ფსონი გააკეთა.
"ივანიშვილმა ფსონი არასწორად დადო რუსეთზე, ირანსა და ჩინეთზე [...] აღმოჩნდა, რომ აშშ-ს ამ რეგიონში გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები აქვს, რომელიც არ იცვლება, იმის მიუხედავად, იქ ხელისუფლებაში ვისი ადმინისტრაცია მოდის, რომელი პარტია იმარჯვებს და ა.შ.
აშშ-ს სტრატეგიულად აინტერესებს, რომ საქართველო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლი იყოს. ამ ყველაფერს საქართველოში სტაბილურობა, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ლიბერალური დემოკრატია სჭირდება. სხვა შემთხვევაში, ამ ქვეყანაში ამერიკული კომპანიები ვერ შემოვლენ და აქ ფულს არ ჩადებენ". - თქვა ჯაფარიძემ.




