პარტია თავისუფლების მოედანი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. მათი თქმით, ქართულმა ოცნებამ ელჩის კომენტარი ცინიკურად დაამახინჯა.
"ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის ელჩის კომენტარი ცინიკურად დაამახინჯა. ელჩის გზავნილი ნათელია: საქართველო ბნელ დროში არ უნდა დაბრუნდეს. ეს არ იყო მუქარა. ეს იყო შეხსენება იმის თაობაზე, თუ რა დევს სასწორზე, როცა დემოკრატიული ინსტიტუტები დასუსტებულია, ძალადობა ნორმალიზდება და ქვეყანა დემოკრატიული სამყაროსგან იზოლირებულია.
ევროკავშირი მუდმივად დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. ის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ხალხს და არა რომელიმე პარტიას. ქართული ოცნების მცდელობები, ეს წარმოაჩინოს როგორც მტრობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, არა მხოლოდ შეცდომაში შემყვანია, არამედ საშიშიცაა. ისინი ცდილობენ პასუხისმგებლობის გადატანას საკუთარი ქმედებებისგან, რაც დემოკრატიული ნორმების რღვევას და საზოგადოების პოლარიზაციას უკავშირდება.
თავისუფლების მოედანი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ჩვენ ვგმობთ დამახინჯებისა და დაპირისპირების პოლიტიკას და ვადასტურებთ მარტივ ჭეშმარიტებას: დემოკრატიის დაცვა არის პარტნიორობა და არა ჩარევა. საქართველოს მომავალს პროპაგანდა ვერ გადაწყვეტს. მას გადაწყვეტს საქართველოს მოქალაქეების ნება, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში". - წერია პარტიის განცხადებაში.
- კობახიძე: ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს სამოქალაქო ომითა და გაღარიბებით ემუქრება - ამისთვის ელჩის დაბარება მიზანშეწონილია
-
კალაძე ჰერჩინსკიზე: უნდა მოხდეს მისი დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები
"საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება". - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც ფოტოგამოფენა "საქართველო ფოკუსში" გაიხსნა. ჰერჩინსკის განცხადებას გამოცემა ნეტგაზეთი ციტირებს.
ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, "საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება," რადგან "ხელისუფლებამ ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი აირჩია და საქართველოს ევროკავშირს აშორებს."
"ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის "ნუ დაკარგავთ იმედის". ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი." – ციტირებს ჰერჩინსკის ნეტგაზეთი.





