საქართველო-ევროკავშირი

სამწუხაროდ, ბატონი ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია - კობახიძე ჰერჩინსკიზე

ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ხალხს "სამოქალაქო ომითა და გაღარიბებით ემუქრება", რის გამოც, მისივე განცხადებით, ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება მიზანშეწონილია.

"ჩემთვის ამ განცხადების შეფასებაც კი რთულია. როცა ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს სამოქალაქო ომითა და გაღარიბებით ემუქრება, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ამის შეფასება შეუძლებელია. სამწუხაროდ, ბატონი ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია - როცა მას ქართველი ხალხის წინააღმდეგ ასეთი მუქარებით გამოსვლა უწევს, ეს მის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს [...] ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს სამოქალაქო ომითა და გაღარიბებით პირდაპირ ემუქრება - რა თქმა უნდა, ამისთვის ელჩის დაბარება მიზანშეწონილია". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

"საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება". - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც ფოტოგამოფენა "საქართველო ფოკუსში" გაიხსნა. ჰერჩინსკის განცხადებას გამოცემა ნეტგაზეთი ციტირებს.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, "საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება," რადგან "ხელისუფლებამ ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი აირჩია და საქართველოს ევროკავშირს აშორებს."

"ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის "ნუ დაკარგავთ იმედის". ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი." – ციტირებს ჰერჩინსკის ნეტგაზეთი.

კომენტარები