ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში EU-ს ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების თაობაზე საუბრისას თქვა, რომ "თუ აქამდე შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, აგერ პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს".
კალაძის თქმით, ჰერჩინსკის ოცნება ჰერჩინსკის დაიბარებს და "კონკრეტულ კითხვებს" დაუსვამს.
"ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო - საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. თუ აქამდე შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, აგერ პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს. ეს არის ძალიან მძიმე. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები, რაზეც პასუხები გვჭირდება.
საქართველოს არაფრისგან გადაუხვევია. ჩვენ ვართ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა. თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ თავში წამოგვარტყას და თავის „ხუშტურებზე“ გვატაროს, ეს ასე ვერ იქნება. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები და არა ბატონები, რომლებიც თითს დაგვიქნევენ. თითი დაუქნიონ მას, ვისაც აქამდე უქნევდნენ. ჩვენთან ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენ ჩვენი პოლიტიკით ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ყოველთვის გვექნება პრინციპული პოზიცია". - თქვა კალაძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში ისაუბრა იმის შესახებ, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, "საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება," რადგან "ხელისუფლებამ ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი აირჩია და საქართველოს ევროკავშირს აშორებს."
"ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის "ნუ დაკარგავთ იმედის". ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი." - ციტირებს ჰერჩინსკის "ნეტგაზეთი".





