უკრაინა-უნგრეთი

სიბიჰა უნგრეთს უკრაინული ბანკის შვიდი თანამშრომლის მძევლად აყვანაში ადანაშაულებს

ანდრეი სიბიჰა  
   

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ ბუდაპეშტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უკრაინული ბანკის (Ощадбанк) შვიდი თანამშრომლის "მძევლად აყვანაში" დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც ისინი 5 მარტს უნგრეთში დააკავეს. Ощадбанк-ის თანამშრომლები ავსტრიასა და უკრაინას შორის ორი მანქანით გადაადგილებისას უნგრეთში დააკავეს.

სიბიჰამ X-ზე განაცხადა, რომ დაკავების ოფიციალური მიზეზები "ჯერ კიდევ უცნობია" და კიევმა უნგრეთს თანამშრომლების გათავისუფლების მოთხოვნით "ოფიციალური ნოტა" გაგზავნა.

"ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნგრეთმა მძევლები აიყვანა და ფული მოიპარა. თუ ეს არის ის ‘ძალა’, რომელიც დღეს ბატონმა ორბანმა დააანონსა, მაშინ ეს კრიმინალური დაჯგუფების ძალაა. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტი" - დაწერა სიბიჰამ.

სიტუაციის შესახებ უკრაინის ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელა განცხადება და დაკავებული პირების დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.

"ჩვენ მოვითხოვთ უნგრეთის ხელისუფლებისგან უკრაინის მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათი დაკავების მიზეზების ოფიციალურ განარტებას, ასევე ინფორმაციის მოწოდებას ბანკის მანქანებისა და შესაბამისი ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ" - ნათქვამია განცხადებაში.

სიბიჰამ მოგვიანებით, 6 მარტს განაცხადა, რომ უკრაინელ კონსულებს ბანკის თანამშრომლებთან წვდომა კვლავაც არ აქვთ.

"უნგრულ მხარეს არანაირი განმარტება არ წარუდგენია. ჩვენ მოვითხოვთ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ვამზადებთ შემდეგ ნაბიჯებს, მათ შორის ევროკავშირის დონეზე" - აღნიშნა მინისტრმა X-ზე.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა 5 მარტს განაცხადა, რომ "დრუჟბას" მილსადენის აღსაღდგენად უკრაინის წინააღმდეგ "პოლიტიკურ და ფინანსურ ინსტრუმენტებს" გამოიყენებდა.

კომენტარები