ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოებს ჩაბარდა, მისი ძმა, ბიზნესმენი კობა ხუნდაძე კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ორივე სუს-ის ყოფილ უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირია.
ინფორმაცია TV პირველს ადვოკატმა დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ხუნდაძე გამოძიებას დაახლოებით თვე-ნახევრის წინ ჩაბარდა. ინტერპრესნუსის ცნობით, კობა ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე დღის წინ, 16 იანვარს, გირაოს სანაცვლდ დატოვა.
ტაბულა დეტალების დასაზუსტებლად პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
ვლადიმერ ხუნდაძე სასმელების ფაბრიკაციის საქმეზე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვისაა ბრალდებული. კობა ხუნდაძე კი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის.
"როგორც გავიგე ასეა - მისი ძმა გამოუშვეს და ეს ჩაბარდა. მისი ძმა [კობა ხუნდაძე] გირაოთი გამოუშვეს. [...] ყველა ადვოკატს ჩამოაშორესო, მათ შორის, მეც მითხრეს თავი შეიკავეო. [...] ეს მოხდა დაახლოებით თვე-ნახევრის წინ. [...]
კობა გაუშვეს გირაოთი და ვლადიმერი ჩაბარდაო ასე მითხრეს. ეტყობა თავის თავზე აიღო. [...] სამკურნალოდ იყო წასული, ოპერაცია გაიკეთა, მერე ალბათ, რომ გაიგო ძმის დაპატიმრების ამბავი, ჩამოვიდა და ჩაბარებულა. მე კი არ მომეწონა, რომ ჩაბარდა, მაგრამ რა ვიცი". - ამბობს ადვოკატი ზურა ტაბიძე TV პირველთან.
TV პირველი ასევე დაუკავშირდა სუს-ის ყოფილი უფროსის ადვოკატს და ჰკითხა ხუნდაძეების ჩვენება ხომ არ დევს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ საქმეში. რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, მან კობა ხუნდაძის გათავისუფლების და ვლადიმერ ხუნდაძის დაკავების შესახებ არაფერი იცოდა.
"ზოგადად, მე ვიცი ეს ხალხი. [ჟურნალისტი: - როგორც ჩვენ ვიცით, ვლადიმერი ჩაბარდა და კობა გამუშვეს] - ხო, ეგ საინტერესოა. ეგ ჩვენთან ხომ არაფერ შუაშია და მე რატომ უნდა ვიცოდე.
არ მაქვს უფლება, გესაუბროთ საქმის მასალებთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგადად, თქვენ რასაც ბრძანებთ, კობას ვიცნობ, ვიცი ვინც არის, მისი ძმაც ვიცი ვინც არის. მეტი არაფერი შემიძლია, დაგიდასტუროთ. და ეს ინფორმაცია თქვენგან გავიგე. ე.ი. აღკვეთის შეუცვალეს კობას, ხომ? ვლადიმერ ხუნდაძეზე, როგორც ვიცი, ანალოგიურად იყო ბრალდება წაყენებული, თუ არ ვცდები, საერთოდ სხვა ეპიზოდზე, ფალსიფიკაციის თემაზე. ნამდვილად არ მსმენია" - თქვა რობერტ გრიგალაშვილმა.
ცნობისთვის, სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან 2025 წლის 17 ოქტომბერს ჩატარებული ჩრეკებიდან რამდენიმე დღეში, 22 ოქტომბერს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე. კობა ხუნდაძის ძმა, ვლადიმერ ხუნდაძე ლილუაშვილის მეჯვარე და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეა, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 1-ელ ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
ვლადმიერ ხუნდაძე ბრალდებულია გორში ძვირადღირებული ბრენდირებული ალკოჰოლური სასმელების ფაბრიკაციის საქმის ფარგლებში. 17 სექტემბერს საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო, კერძოდ, არაყი ბელუგა, ბელვედერი, გრეიგუსი, ვისკი ბორკანი და ჩივას რეგალი, რომელებსაც გორში უკანონოდ ამზადებდნენ. დააკავა 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი, რომელსაც 24 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 200 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
რაც შეეხება კობა ხუნდაძეს, მისი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი.
უწყების ცნობით, კობა ხუნდაძემ შემუშავებული სქემით 2017-2025 წლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავალი გაათეთრა.
ვრცლად საქმეების შესახებ:





