დანიის პრემიერმინისტრი, მეტე ფრედერიკსენი გრენლანდიაზე უთანხმოების გამო აშშ-ს მხრიდან ტარიფების დაწესების მუქარის შესახებ ევროპელი ლიდერების განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დანიის მიმართ მხარდაჭერის გამო მოხარულია, ეს საკითხი კი მის "საზღვრებსაც მნიშვნელოვნად სცდება". მისივე თქმით, ევროპა შანტაჟს არ დაუშვებს.
ამის შესახებ ფრედერიკსენის მიერ დანიური გამოცემისთვის, Ritzau-სთვის გაგზავნილ წერილობით განცხადებაში წერია.
"დანიის სამეფოს დიდი მხარდაჭერა აქვს. ამავდროულად, ახლა კიდევ უფრო ნათელია, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენს საზღვრებსაც მნიშვნელოვნად სცდება". - წერს ფრედერიკსენი.
ფრედერიკსენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დანიას არა კონფლიქტი, არამედ თანამშრომლობა სურს.
"ჩვენ თანამშრომლობა გვსურს და არ ვართ ისინი, ვისაც კონფლიქტი სურს. მოხარული ვარ დანარჩენი კონტინენტის თანმიმდევრული გზავნილებით: ევროპა შანტაჟს არ დაუშვებს". - წერს ფრედერიკსენი.
ცნობისთვის, ევროპის რვა ქვეყანამ, დანიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, გაერთიანებული სამეფომ, ნიდერლანდებმა, ფინეთმა, ნორვეგიამ და შვედეთმა ტრამპის მხრიდან გრენლანდიაზე უთანხმოების გამო ტარიფების დაწესების მუქარასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ქვეყნები აცხადებენ, რომ ტარიფების მუქარა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს ძირს უთხრის. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოკავშირეების მიერ გრენლანდიაში ჩატარებული წვრთნები "საფრთხეს არ წარმოადგენს".
ამასთან, განცხადებაში წერია, რომ ქვეყნები დანიასა და გრენლანდიელ ხალხს სრულ სოლიდარობას უცხადებენ და მზად არიან, აშშ-სთან ჩაერთონ დიალოგში, რომელიც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს დაეფუძნება.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1-ელი თებერვლიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს.
მან ასევე დაამატა, რომ ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება და ასე შენარჩუნდება, სანამ აშშ-ს მიერ გრენლანდიის სრულად შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უკმაყოფილება გამოხატა ევროპული ქვეყნების ნაწილის მხრიდან ბოლო დღეებში გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნის გამო, რაც ტრამპმა "სახიფათო" და "გაუმართლებელ" ნაბიჯად დაახასიათა.
პოსტში ტრამპმა განმარტა, რომ გრენლანდიის "მოპოვება" აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან "ოქროს გუმბათის" საჰაერო თავდაცვის სისტემის "მაქსიმალური პოტენციალის მიღწევისთვის და ეფექტურობისთვის" გრენლანდიის მიწაა საჭირო.
ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტმა, მანფრედ ვებერმა 17 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა აღარ არის შესაძლებელი.
"EPP ემხრობა EU-აშშ-ს სავაჭრო შეთანხმებას, მაგრამ გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მუქარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მისი დამტკიცება შეუძლებელია. აშშ-ს პროდუქტებზე 0%-იანი ტარიფი უნდა შეჩერდეს." - დაწერა ვებერმა X-ზე.





