გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ბრალის დამძიმებას ეხმაურება. კუპატაძე TV პირველთან ამბობს, რომ პროკურატურამ წინა ბრალის აბსურდულობა აღიარა.
"იმ არასრწულწლოვნის დედა ამბობს, [ბრალი დაუმძიმდაო], იქნება 18-ით 117-ე მუხლის მესამე, რაც იმას ნიშნავს, რომ მომზადებაში იღებდა მონაწილეობას და არა აღსრულებაში. ათივე ტომი ვნახეო. ათივე ტომი თუ ნახა, რას ათვალიერებდა, რაც მე ვნახე გუშინ და წამლები დამჭირდა, ჩემი გიგას გვამით ტკბებოდა?
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი თემქაზე. მკვლელ ა.გ-ს უწერია სამი საათი ვუსატკავეო, აი რისთვის წამოყვა მეგობარს სამი საათი, "საბირჟაოდ"? ახალი ბირჟა ნახეს? ქუჩაში ვიყავითო და ქუჩაში არ იყვნენ. აგერ იყვნენ ჩემი კორპუსის წინ, საიდანაც მერე ქვა აიღო მკვლელმა იმ გრძელ სკამზე. გადაიღეს ვიდეო, ეს ვიდეო ჩაუგდეს ა.ნ.-ს.
მეოთხე ტომი ნახე, კარგად დაათვალიერე. იქ წერია, რომ სამივე ბიჭი ერთად: ა.გ-ც, გ.რ-ც და დ.ჩ-ც მიდის გ.რ.-ს მამასთან, გურამ რიკაძესთან. გურამ რიკაძე ეს არის ნასამართლევი. ჩამოვიდა სპეციალურად 8 ოქტომბერს საქართველოში ამისთვის, 2019 წლიდან წასულია და ის არიგებს, როგორ უნდა მოქიცნენ, სად რა უნდა თქვან. პროკურატურამ აღიარა წინა ბრალის აბსურდულობა, რასაც მე საჯაროდ ვყვიროდი" - ამბობს კუპატაძე.
არასრულწლოვან დემეტრე ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმდა - ამის შესახებ ბრალდებულის დედა Facebook-ზე წერს. თავდაპირველად დ.ჩ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით იყო დაკავებული, ახლა კი, დედის ცნობით, არასრულწლოვანს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად. პროკურატურას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ "პასუხისთვის დრო სჭირდებათ".
ახალგაზრდა მასწავლებელს ეჭვიანობის ნიადაგზე თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ა.გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გ.რ-ს - დანაშაულის შეუტყობინებლობას.
"დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო. დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა" - წერდა პროკურატურა.
გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხვა პირების დაკავებასაც ითხოვდნენ. დეკემბრის ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის, ზემოთხსენებული დ.ჩ.
ამის შემდეგ, გიგა ავალიანის ოჯახმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, საქმის მასალების გადაცემის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით. 17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა, თუმცა, 14 იანვარს დაწერა, რომ საქმის მასალები გადაეცა და დაგეგმილ აქციას დროებით აუქმებდა.





