რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, რომ აშშ-მ უზრუნველყოს ტანკერ Marinera-ს ბორტზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების მიმართ "ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა". უწყების განცხადებით, აშშ-მ ხელი არ უნდა შეუშალოს მათ სამშობლოში სწრაფ დაბრუნებას.
"ეკიპაჟში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის შესახებ შემომავალი ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამერიკულმა მხარემ უზრუნველყოს ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა, მკაცრად სცეს პატივი მათ უფლებებსა და ინტერესებს და არ შეუშალოს ხელი მათ სამშობლოში სწრაფ დაბრუნებას". - წერია განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ს მიერ ტანკერის დაკავებას გამოეხმაურა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროც. უწყების შეფასებით, აშშ-ს მიერ ტანკერის დაკავება საზღვაო სამართლის დარღვევაა.
"საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენციის შესაბამისად, ნავიგაციის თავისუფლება ვრცელდება ღია ზღვაში და არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა სხვა სახელმწიფოების იურისდიქციაში სათანადოდ რეგისტრირებული გემების წინააღმდეგ". - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-მ ორკვირიანი დევნის შემდეგ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera დააკავა.





