ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

პროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო – ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც ხვალ, 16 დეკემბერს უნდა გამართულიყო, 12 თებერვლამდე გადაიდო. 

ღარიბაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის თქმით, სხდომის გადადება ბრალდების მხარემ მოითხოვა. უფლებადამცველი ამბობს, რომ პროკურატურას დრო დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად სჭირდება. 

"გახანგრძლივდა ვადა 12 თებერვლამდე, გამოძიების ინიციატივით. პროკურატურამ მიმართა შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს და მოითხოვა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი დროის გამოყოფა. მინდა გითხრათ, რომ საპროცესო ნორმით რეგულირდება ეს საკითხი და ამის უფლება ბრალდების მხარეს აქვს და სასამართლოს შეუძლია, გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში დააკმაყოფილოს ასეთი შუამდგომლობა. [...]

ბრალის წარდგენისთვის არსებული მტკიცებულებები საქმეში არსებობდა და ამის საფუძველზე პროკურატურის შუამდგომლობით წარედგინა ბრალდება ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. მაგრამ შემდგომი ეტაპი არის გამოძიება, როდესაც უნდა განაჩენი დადგეს, შესაბამისად, როგორც ჩანს, მიიჩნია პროკურატურამ, რომ დამატებითი დრო ესაჭიროებოდა კიდევ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, ჩვენ ვერ შევალთ ამ კომპეტენციაში, ეს არის ამ შემთხვევაში ბრალდების მხარის პრეროგატივა, ვნახოთ რა მტკიცებულებებს მოიპოვებენ და წარმოადგენენ და შესაბამისად, ამის შემდეგ გაგრძელდება სასამართლო განხილვების ეტაპი. [...]

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ეთანხმება ბრალს, როგორც საზოგაოდებისთვის არის ცნობილი, ამიტომაც ჩვენ ამ ნაწილში ბრალდების მხარის - გააგრძელებს ვადას, დანიშნავს გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებას თუ სხვა რაიმე პროცესუალურ ღონისძიებას გამოიყენებს, არ შევდივართ სიღრმისეულად და ველოდებით, რა მტკიცებულებები დაიდება საბოლოოდ" - თქვა ღარიბაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა TV პირველთან.

24 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გირაოს გარდა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა დაუწესეს. 

ექსპრემიერს პროკურატურამ ბრალდება 24 სექტემბერს წარუდგინა. უწყების ცნობით, ღარიბაშვილი ბრალდებას ეთანხმება. 

ივანიშვილის გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ღარიბაშვილი "ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს" და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს.


შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ივანიშვილის გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა.

რამდენიმე დღეში დააკავეს სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე. 23 ოქტომბერს კი დააკავეს ასევე ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, მისი ნათესავი ანდრია ლილუაშვილი.

კომენტარები