ივანიშვილის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ დაუშვებს, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა და მათმა ადგილობრივმა მომსახურე პერსონალმა შეარყიონ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, ასევე დასძინა, რომ BBC-ის მომზადებულ ფილმთან დაკავშირებით, გამოძიებისას ყველა ის პირი, ვინც დადასტურდება, რომ მიზანმიმართულად აზიანებდა საქართველოს ეროვნულ ინტერესს, დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით.
"ამრიგად, რადგან ეგრეთ წოდებული "კამიტეს" გამოყენების ვარაუდის ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი უკვე არაფერია - მოვისმინეთ შესაბამისი უწყების მხრიდან, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი გამოძიების შედეგები, და აქვე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნივთიერება საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს, საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურული.
რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს - კონკრეტული პირების მხრიდან უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას - ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და ყველა ის პირი თუ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართაც შეიკრიბება მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა და დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ - იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება." - თქვა ივანიშვილის მერმა, კახი კალაძემ.
6 დეკემბერს, სუს-ის ბრიფინგზე განაცხადეს, რომ BBC-ის გამოძიებაში ნახსენები კოდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი ანუ ცრემლსადენი გაზი გამხსნელ ნივთიერება ქლორო ტრიქლორეთილენთან ერთად, რომელიც არ არის აკრძალული და არა ე.წ. კამიტი.
ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.





