ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სუს-ში მიმდინარე გამოძიების დასრულების შემდეგ, საზოგადოებას "გაააცნობენ დეტალურ ინფორმაციას" თუ რა ნივთიერება იყო გარეული წყლის ჭავლში, რომელსაც რეჟიმი აქციების დაშლისთვის მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა.
კობახიძე ამბობს, რომ კამიტი არ გამოყენებულა და ეს "უტყუარი ინფორმაციაა"/
"რაც შეეხება ნივთიერების გარევას, ნივთიერება იყო გარეული, მაგრამ მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. რაც შეეხება კონკრეტულად ინფორმაციას კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ამაზე პრაქტიკულად მტკიცებითი ფორმით საუბრობდა BBC, თუმცა შსს-მ უკვე დაადასტურა ფაქტი, რომ არათუ არ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არამედ არც არასდროს შეუძენია შსს-ს მათ შორის ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებში.
დანარჩენი, მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს სუს, ყველა დეტალი ფხვნილთან დაკავშირებით იქნება გასაჯაროებული საზოგადოების წინაშე.
პირველი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა, ის რომ კამიტი არ გამოყენებულა, შესაბამისად BBC სიცრუეში ამხილა შსს-მ, დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება გამოძიების დასრულებისთანავე, რომელსაც აწარმოებს სუს. [...]
გამოძიება როცა დასრულდება, დეტალური ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას, მათ შორის, მედიასაც. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც ბატონმა გეკა გელაძემ გაავრცელა, ის ეფუძნება კონკრეტულ მასალას. ადვილია უფრო მეტად, რომ გამორიცხო ერთი ნივთიერების არსებობა-არარსებობა ფხვნილში, ვიდრე შეისწავლო სრული სპექტრი.
უკვე დადგენილია შესაბამისი პროცედურებით, რომ ნივთიერება კამიტს ეს ფხვნილი არ შეიცავდა. დანარჩენ სრულ სპექტრთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოძიება გაუზიარებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის, მედიასაშუალებებს. კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ეს ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას.
ამ თემაზე მუშაობენ სუს-ი და შსს. შინაგან საქმეთა მინისტრი იღებს პასუხისმგებლობას უტყუარ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ კამიტი არ გამოყენებულა. ეს ინფორმაცია არის უტყუარი. დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს". - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ყოფილი და მოქმედი ივანიშვილის შს მინისტრების ვახტანგ გომელაურის და გეკა გელაძის განცხადებებს, კობახიძე ამბობს, რომ მათი განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი არ არის.
"გომელაურმა თქვა, რომ ის ნივთიერებები, რაზეც საუბრობდნენ 2009 წელს იყო შეძენილი, არავითარ შემთხვევაში არ დაუდასტურებია ვახტანგ გომელაურს ის, რომ ნივთიერება კამიტი იყო გამოყენებული.
მოგვიანებით, შს მინისტრმა, ბატონმა გეკა გელაძემ საზოგადოების წინაშე განაცხადა მკაფიოდ, რომ ნივთიერება კამიტი არ ყოფილა გამოყენებული, ამიტომ უთანხმოება არ არის ამ ორ განცხადებას შორის, ზოგადად საუბრობდა ბატონი ვახტანგ გომელაური იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნივთიერებები, ფხვნილი იყო შეძენილი 2009 წელს, თავისი ყველა ნივთიერებით. რაც შეეხება გეკა გელაძეს, მან განაცხადა, რომ ნივთიერება კამიტს ეს ფხვნილი არ შეიცავდა". - თქვა კობახიძემ.
- ეს ნივთიერებები იყო შეძენილი და შსს იყენებდა 2012 წლამდე - გომელაური BBC-ის გამოძიებაზე
- საქართველოში არასდროს არ შესყიდულა ე.წ. კამიტი - გელაძე
კობახიძე ამბობს, რომ BBC-ის მასალაში ნახსენები კოდის [3439] ქვეშ "არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული ნივთიერებები, კოდი არაფერს არ იძლევა საერთოდ".
მისი თქმით, შესყიდვას, სავარაუდოდ, ამ კოდის ქვეშ არსებული არააკრძალული ნივთიერებები დაექმედებარებოდა, მაგრამ დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ კამიტი არ ყოფილა.
"BBC-იმ გააკეთა რა, მითითა კოდზე და შემდეგ თქვა ტყუილი, რომ ამ კოდის ქვეშ არსებული ერთ-ერთი ნივთიერება იყო გამოყენებული შემდეგ, ეს იყო უხეში ტყუილი. [...]
კამიტი არ ყოფილა შეძენილი, გამოძიება ადგენს, რაიმე აკრძალულს შეიცავდა [ფხვილი] თუ არა და შემდეგ წარედგინება საზოგადოებას ინფორმაცია. ანალიზი დაადგეს ეს 2009 წელს შეძენილი ფხვნილი შეიცავდა თუ არა რამე აკრძალულ ნივთიერებას". - თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ამ კოდის [3439] ქვეშ არსებული ნივთიერებები, შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო თუ არა 2024 წლის აქციების დროს კობახიძემ უპასუხა: "იქნებოდა, სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ეს ფხვნილი იქნა შეძენილი, გავიმეორებ, ეს კოდი არაფერს არ იძლევა, რადგან ამ კოდის ქვეშ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთა დიდი ნაწილიც არ არის აკრძალული".
2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ის მიხედვით, ისინი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმიდან ინფორმატორებსა და ექიმებს ესაუბრნენ და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც "ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მიანიშნებს, რომელსაც საფრანგეთის არმიამ "კამიტი" უწოდა."





