სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაგამოკითხვაზე დაიბარა აქციების მონაწილე მიხეილ ზაქარეიშვილი, რომელმაც კონსტანტინე ჩახუნაშვილის სამეცნიერო კვლევაში მიიღო მონაწილეობა
გუშინ, ზაქარეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და სუს-ს მიმართა: "მეც მივიღე მაგ კვლევაში მონაწილეობა. შეგიძლიათ თამამად დამიბაროთ".
ის ამ წუთებში, სუს-ის შენობაში, გამიკითხვაზე იმყოფება.
კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ფიგურირებს, მდინარაძის უწყებაში გუშინ დაიბარეს და საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. მდინარაძის უწყებაში ასევე დაიბარეს მისი ძმა, დავით ჩახუნაშვილი და მამა, გიორგი ჩახუნაშვილი. გარდა ამისა, გამოკითხვაზე დაიბარეს აქციაზე სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი, TI-ის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური და სხვა პირები, ვინც საგამოძიებო ფილმში BBC-ის ინტერვიუს აძლევენ.
ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ის მიხედვით, ისინი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმიდან ინფორმატორებსა და ექიმებს ესაუბრნენ და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც "ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მიანიშნებს, რომელსაც საფრანგეთის არმიამ 'კამიტი' უწოდა."
გუშინ, სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უწყებამ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.





