BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით სუს-მა საია-ს თანამშრომლები გამოკითხვაზე დაიბარა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარა მათი ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი და თანამშრომელი, ისინი მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხებიან.

"ხაზგასმით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ საიას წარმომადგენლები BBC-თან მიცემულ ინტერვიუში ახმოვანებენ ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ემყარება უფლებების დარღვევის შემთხვევების მონიტორინგს.

ფილმში საიამ ისაუბრა 2024 წლის მასობრივი პროტესტების დროს აქციის მონაწილეების წამების და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა სისტემურ შემთხვევებზე, რომელთა შესახებაც საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში, სადაც ათეულობით დაზარალებულის შემთხვევაა აღწერილი. ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომია და საია ამ საკითხებზე ღიად საუბრობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში საიას თანამშრომლების მოწმის სტატუსით დაბარება აჩენს ძლიერ ეჭვს, რომ მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე ზეწოლაა რომლებიც სისტემურ უფლებადარღვევებზე საუბრობენ.

სუს-ის მიერ ამ საქმის ფარგლებში გამოყენებული ფორმულირება - "სახელმწიფო ინტერესების დაზიანების" კვალიფიკაციის შესახებ განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო არ ატარებს ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას ძალოვანი უწყებების მხრიდან შესაძლო ძალადობისა და უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ გასცეს მკაფიო და დამაკმაყოფილებელი პასუხი კითხვაზე, რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით მოხდა აქციების დარბევა, სახელმწიფო ცდილობს პასუხისმგებლობა გადაიტანოს იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც ადამინის უფლებებს იცავავენ.

მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი ზეწოლის მცდელობები ვერ შეცვლის ჩვენს საქმიანობას და მიზნებს. გამოძიებას საიას თანამშრომლები მიაწვდიან ინფორმაციას მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე. ჩვენ ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების გამოვლენას, დოკუმენტირებას და საზოგადოების ინფორმირებას." - წერია საიას განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, მდინარაძის უწყებაში ამავე საქმეზე ასევე დაიბარეს ძმები დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები, ექიმი გელა ღუნაშვილი, აქციების მონაწილე თათა ხუნდაძე და პეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი.

გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

BBC-ის მიხედვით, ისინი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმიდან ინფორმატორებსა და ექიმებს ესაუბრნენ და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც "ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მიანიშნებს, რომელსაც საფრანგეთის არმიამ 'კამიტი' უწოდა."

გუშინ, სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უწყებამ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

კომენტარები