BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

ნივთიერება კამიტი საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული, ეს არის სრული სიყალბე – კობახიძე BBC-ზე

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე სრულ სიყალბეს უწოდებს BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რეჟიმმა აქციების დაშლისას შესაძლოა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. 

კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილის შს მინისტრი, გეკა გელაძე საზოგადეობას მიაწოდებს დეტალურ ინფორმაციას, "თუ რა ტყუილი იკადრა BBC-იმ". 

"ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა, ამაშია საქმე. BBC-იმ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით. [...]  რა ნივთირება იყო გამოყენებული გიპასუხებთ შსს მინისტრი. ნივთიერება "კამიტი" საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული, ეს არის სრული სიყალბე". - ამბობს კობახიძე. 

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ BBC ხელმძღვანელობს "იგივე სტანდარტებით, როგორითაც Fake ტელევიზიები საქართველოში"

"სამწუხაროდ, BBC, რომელიც იყო თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს ასეთ სიცრუეს ავრცელებს. უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ თემაზე გაავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ BBC-ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება BBC, საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, როგორითაც Fake ტელევიზიები საქართველოში. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები უარყოფითი გაგებით. მარტივი ტყუილიც შეიძლება იკადროს ტელევიზიამ, BBC-იმ ამ შემთხვევაში, რაც არის ძალიან სამწუხარო და დასანანი.

ტყუილი არის ტყუილი, დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, როდესაც BBC კადრულობს ტყუილს ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტკიცდება, რომ ეს იყო ტყუილი". - ამბობს კობახიძე. 

გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

BBC-ის მიხედვით, ისინი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმიდან ინფორმატორებსა და ექიმებს ესაუბრნენ და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც "ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მიანიშნებს, რომელსაც საფრანგეთის არმიამ 'კამიტი' უწოდა."

კომენტარები