კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველო მათი ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
"ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია.
ალეკო ელისაშვილი რეჟიმის მხრიდან უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა და მისი აღიარება დასტურია, რომ ეს არის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება.
რეჟიმს საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ სისტემური ძალადობითა და უსამართლობით სასოწარკვეთილებამდე მიგვიყვანოს და უარი გვათქმევინოს ტირანიასთან ბრძოლის მშვიდობიან და კანონიერ გზებზე, რაც იყო და იქნება ლელო-ძლიერი საქართველოს ამოსავალი პრინციპი". - წერს კოალიცია Facebook-ზე.
დღეს დილით კოალიცია "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
"29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა.
მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს.
დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





