ელისაშვილის სასამართლოს საქმე

ელისაშვილს მანდატურებმა მას შემდეგ სცემეს, როცა უკვე ბორკილები ეკეთა - ადვოკატი

დაკავებული ალეკო ელისაშვილი მისმა ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა მოინახულა. იზოლატორის დატოვების შემდეგ, ადვოკატმა საზოგადოებას პოლიტიკოსის განცხადება გააცნო. 

"როგორც მითხრა, მისი ეს ქმედება პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა იყო. პროტესტი უსამართლო სასამართლოს მიმართ გამოხატა. "ცეცხლი ოლიგარქიას, ცეცხლი უსამართლო სასამართლოს" - ეს სიტყვები გადმომცა. ერთადერთი იმას ნანობს, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად რამდენიმე წამი დააკლდა. მისგან, ეს რეალურად გააზრებული პროტესტის ფორმაა. შაბათი დღის დილის საათები იმიტომ აირჩია, რომ არავინ დაზიანებულიყო და ეს ქმედება მხოლოდ პროტესტის საშუალება ყოფილიყო - რომ საზოგადოებისთვის ენახებინა, რეალურად, ეს სასამართლო რამდენ ადამიანს ასამართლებს უსამართლოდ და უკანონოდ. და ეს ხელისუფლება სასამართლოს თავისი რეჟიმისა და დიქტატურის გასამყარებლად როგორ იყენებს. ესაა მისი განცხადება". - თქვა ელისაშვილის ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც ელისაშვილი სასამართლოს კანცელარიის შენობაში შევიდა, მასთან ჯერ მანდატურის სამსახურის 3 თანამშრომელი, შემდეგ კი პოლიციელებიც მივიდნენ. გიორგი რეხვიაშვილის თქმით, ელისაშვილს მანდატურებმა მას შემდეგ სცემეს, რაც ის ბორკილებით უკვე დაკავებული ჰყავდათ.

"ალეკო ელისაშვილს სახეზე მძიმე დაზიანებები აღენიშნება, სასტიკად ნაცემია. მანდატურებმა ელისაშვილს დაზიანება მას შემდეგ მიაყენეს, რაც მას უკვე ბორკილები ეკეთა და საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.

გამოძიება ამბობს, რომ ვითომ იარაღის მუქარით შევიდა და ამით ვინმეს ემუქრებოდა - რეალურად, მას იარაღი კაბურაში ედო, ზემოდან კი ჰუდი და ქურთუკი ეცვა. მას იარაღის გამოყენების არც სურვილი და არც მცდელობა არ ჰქონია. კადრში რაც ჩანს, იარაღი დაბლა რომ აგდია, მას შემდეგაა, რაც დააკავეს, ჯაჯგურის დროს ამოუვარდა. მას მანდატური არ უცემია, როგორც შსს ამბობს". განაცხადა რეხვიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ელისაშვილს ბრალს ხვალ წარუდგენენ და სწორედ ამის შემდეგ გაეცნობა ის საქმის მასალებს.

დღეს დილით კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.

"29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის  საქალაქო სასამართლოს კანცელარიის  შენობის  გარე ფასადის მინა,  შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა.

მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს.

დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო  კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები