ლელო-ძლიერი საქართველოს წევრი, პატიმრობაში მყოფი ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის. სარჩელი მისმა ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა შეიტანა.
"შალვა პაპუაშვილმა არაერთხელ შელახა ალეკო ელისაშვილის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ამასთან დაკავშირებით, აღნიშნული დარღვევის დასადგენად, ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ.
პაპუაშვილმა უდანაშაულობის პრეზუმფციაც დაარღვია, როცა ელისაშვილი უკვე ტერორისტული აქტის ჩამდენად მოიხსენია - მოგეხსენებათ, რომ 2025 წლის ნოემბერში, როცა ელისაშვილი დააკავეს, გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც პაპუაშვილმა განცხადება გააკეთა, რომ ეს არ იყო სხვისი ნივთის დაზიანება და საუბარი იყო ტერორისტულ აქტზე, პროკურატურამ კვალიფიკაცია დაუყოვნებლივ შეცვალა. ეს პროკურატურაზე პირდაპირი ზეწოლაა". - ამბობს ელისაშვილის ადვოკატი.
შსს-ს ცნობით, ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





