კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატის გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, ელისაშვილისთვის არკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"ალეკო ელისაშვილი აღიარებს ქმედებას და არა ბრალს, რა ბრალსაც პროკურატურა ედავება. ტერორისტული აქტი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მუხლი სისხლის სამართალში, აქ მნიშვნელოვანია, რომ პირს უნდა გააჩნდეს ტერორისტული მიზანი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ალეკო ელისაშვილმა დანაშაულისგან ხელი აიღო, როდესაც მან დაინახა შიგნით შემოსული მანდატურები, მან იარაღის გამოყენება არ სცადა, იცით, რომ მას შეეძლო და კარგად ფლობს იარაღს. მისი მთავარი პრიორიტეტი, რომ ყოფილიყო ამ შენობის გადაწვა და არა ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება, ის ადვილად გაანეიტრალებდა სამივე მანდატურს და გადაწვავდა შენობას. თუმცა მან მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ მანდატური იყო შენობაში, ეცადა დაეღწია თავი მათგან და ცდილობდა ტერიტორიის დატოვებას, რა დროსაც ის დააკავეს და შემდეგ უკვე სცემეს". - ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება ელისაშვილისთვის მიყენებულ დაზიანებებს, რეხვიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან იზოლატორში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შეამოწმეს ელისაშვილის დაზიანებები და შესაბამისი ოქმიც შეადგინეს.
დაზიანებებთან დაკავშირებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა თავად ელისაშვილმაც, რომელმაც თქვა - "დაახლოებით 4 საათი ბორკილები ბოლომდე მოჭერილი მქონდა. რომ ვეუბნებოდი, ცოტა მომიშვით-თქო, ვითომ არ ესმოდათ. მარცხენა მაჯიდან სისხლი რომ წამომივიდა, მხოლოდ შემდეგ მომიშვეს".
პირველ დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, 29 ნოემბერს დააკავეს.
ელისაშვილს პროკურატურამ ბრალდება ტერორიზმის მუხლით წარუდგინა, კერძოდ უწყება პოლიტიკოსს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების თანახმად, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა და დაზიანებები მიაყენა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს.





