პარტია ლელო-ძლიერი საქართველო შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. მათი განცხადებით, ალეკო ელისაშვილი არ არის ლელოს წევრი, მას აქვს საკუთარი პარტია, რომელთან ერთადაც წინასაარჩევნოდ შექმნეს კოალიცია, ამიტომ ვერსაიდან გარიცხავენ.
ისინი აგრეთვე აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად ელისაშვილის აღიარებისა, რომ ეს მისი პერსონალური პროტესტი იყო, ოცნება მაინც ცდილობს ამ "აბსურდის" ლელოს ლიდერებთან დაკავშირებას.
"საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაში ეჭვმიტანილი ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე უკვე რამდენიმე დღეა კოალიცია ძლიერი საქართველო-ლელოს წინააღმდეგ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს პოლიტიკური გუნდიდან ალეკო ელისაშვილის გარიცხვის თაობაზე.
ძლიერი საქართველო-ლელოს ლიდერებისა და პარტია მოქალაქეების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ალეკო ელისაშვილი არ არის პარტია ძლიერი საქართველო-ლელოს წევრი, შესაბამისად, ვერსაიდან გავრიცხავთ. ალეკო ელისაშვილი წარმოადგენს საკუთარ პარტიას - მოქალაქეებს, რომელიც მისი დაფუძნებულია და მისი პარტია არ გახლავთ ALDE - ს წევრი.
რაც შეეხება კოალიციას, ის შეიქმნა წინასაარჩევნოდ და ამის შესახებ არაერთხელ განგვიცხადებია. ამ კოალიციურ პარტნიორობას ძლიერი საქართველო-ლელო და პარტია მოქალაქეები დღემდე ვაგრძელებთ.
ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით ძლიერ საქართველო-ლელოს ოფიციალური განცხადება გაკეთებული აქვს და შალვა პაპუაშვილს შეუძლია იხელმძღვანელოს ამ პოზიციით. თავად ალეკო ელისაშვილმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ ეს იყო მისი პერსონალური პროტესტი. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნება ცდილობს საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას, მორიგი აბსურდული ბრალის შეთხზვას და ძლიერი საქართველო-ლელოსთან და მის ლიდერებთან ამ აბსურდის დაკავშირებას.
ამავდროულად, ჩვენ და ქართული საზოგადოება შალვა პაპუაშვილის მხრიდან ველით, რომ ის გაემიჯნოს ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ ჩადენილ წამების ფაქტებს, რაც გამოიხატა 300-ზე მეტი აქტივისტის სასტიკ და ორგანიზებულ ცემასა და მათ წინააღმდეგ, სავარუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, რაც უკვე შეფასდა "ტერორისტულ აქტად საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ," ასევე ის უნდა გაემიჯნოს საქართველოში "არაბული ანკლავების" შექმნისა და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ფაქტს, გაემიჯნოს დამნაშავეებს და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს მისივე გუნდის წევრებს შორის და ყველა სხვა კანონდარღვევას, რომელსაც ოცნების რეჟიმი ჩადის." - ნათქვამია განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ თუ ელისაშვილს არ გარიცხავენ, პარტია ლელო და ALDE გახდებიან ტერორისტის მფარველები.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალეკო ელისაშვილს ბრალდება წარედგინა.
უწყების განცხადებით, ელისაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





