უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრიი ერმაკი თანამდებობიდან გადადგა

ანდრიი ერმაკი
President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მისი ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრიი ერმაკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა.

ამის შესახებ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში ილაპარაკა. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ როდესაც მთელი ყურადღება დიპლომატიას, თავდაცვასა და ომს ეთმობა, აუცილებელია შინაგანი ძალა. მისივე თქმით, შინაგანი ძალის შესანარჩუნებლად არ უნდა არსებობდეს უკრაინის დაცვის გარდა სხვა საკითხით მოცდენის საფუძველი და პარტნიორებს უკრაინის წინაშე კითხვები არ უნდა ჰქონდეთ. 

"ადმინისტრაციის უფროსმა ანდრიი ემარკმა გაადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. [...] მადლობელი ვარ ანდრეის იმისთვის, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინული პოზიცია ყოველთვის იმგვარად იყო წარმოდგენილი, როგორც საჭიროა. ყოველთვის პატრიოტული პოზიცია იყო. თუმცა, მსურს, რომ ხმები და სპეკულაციები არ იყოს. რაც შეეხება ადმინისტრაციის ახალ უფროსს, ხვალ კონსულტაციები მექნება მათთან, ვისაც შეუძლია, რომ ამ ინსტიტუტს გაუძღვეს". - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დაამატა, რომ სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციაში უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დაზვერვის თანამშრომლები შევლენ.

ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და პროკურატურის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა სამსახურმა (САП) ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

კომენტარები