უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე სერგეი კორეცკი დაამტკიცა. მის კანდიდატურას 289-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დანიშვნამდე პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის მთავარი პრიორიტეტები დაასახელა. მათ შორისაა: ქვეყნის მომზადება ზამთრისთვის; ენერგეტიკული და საწვავის ინფრასტრუქტურის დაცვა; ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაცია; საერთაშორისო დახმარების ეფექტიანი მართვა.
უმაღლეს რადაში გამოსვლისას კორეცკიმ თავისი მთავრობის ძირითადი ამოცანებიც წარმოადგინა: "თავდაცვის ძალების სრული უზრუნველყოფა, უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის პოტენციალის გაზრდა, მოსახლეობის მხარდაჭერა და სოციალური დაცვა, განსაკუთრებით ფრონტისპირა თემების მცხოვრებლებისთვის" - განაცხადა მან.
მისი თქმით, პრიორიტეტებს შორის იქნება: ბიზნესის მხარდაჭერა ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად; საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება; საერთაშორისო დახმარების ეფექტიანი გამოყენება; უკრაინის მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი პროგრამების განხორციელება.
უკრაინული მედია წერს, რომ კორეცკის პროფესიული კარიერა უკრაინული პოლიტიკისთვის უჩვეულოდ მიიჩნევა. ის პოლიტიკაში პარტიული ან სახელმწიფო სტრუქტურებიდან არ მოსულა. ის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბიზნესში მუშაობდა, სადაც კომპანიების განვითარებით, პროცესების ოპტიმიზაციითა და დიდი გუნდების მართვით იყო დაკავებული.
Европейская правда-ს წყაროების ცნობით, სწორედ "ეფექტიანი კრიზისმენეჯერის" რეპუტაცია გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილა





