საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: არქიმანდრიტ ილია თოლორაიას აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პატრიარქმა ილია მეორემ დააკმაყოფილა ეპარქიული კომისიის წარდგინება და არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აუკრძალა, "ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს".

"სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიალური კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს" - წერია ბრძანებაში. 

არქიმანდრიტი ილია თოლორაია 5 ნოემბერს საპატრიარქოში დაიბარეს, მღველმსახური ეპარქიალურ სხდომაზე გამოცხადდა. 

არქიმანდრიტის განცხადებით, კომისიის სხდომიდან "ფაქტობრივად გამოაგდეს" და არ მოუსმინეს.

"მეუფე შიომ მითხრა, რომ ჩემი განცხადებები იყო შეურაცხყოფა. თქვენ ეკლესიას და პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებ და უნდა მოინანიოო. თავიდან საუბარსაც თითქმის არ მაცდიდნენ, ჩემგან ითხოვდნენ ერთ სიტყვას - მოინანიე და გადი. მე ასე არ გავჩერდი, ვუთხარი, მათქმევინეთ სიტყვა. რაც ვთქვი ავხსნი-მეთქი. ვთქვი, რომ თქვენგან სიტყვა არ გამიგია იმაზე, რომ რუსეთი არის მტერი, ოკუპანტი, გინტურზე, ანწუხელიძეზე, ახალგაზრდები რომ დასისხლიანებულები არიან ქუჩაში, ერთი სიტყვა მათ დასაცავად თქვენგან არ გამიგია-მეთქი. მეუფემ მითხრა, მე მაქვს სიტყვა "ოკუპანტი" ნათქვამიო. ვუთხარი, ბოლო პერიოდში არსად არ გითქვამთ ეს სიტყვა.

მითხრეს, ან მოინანიე, ან ჩვენ ზომებს მივიღებთო. ამ დროს შემოდის მამა ანდრია და მეუბნება გადი გარეთო. [...] ანუ ფაქტიურად გამომაგდეს, ბოლომდე არ მასაუბრეს, არ მოისმინეს ჩემი სიტყვები. გამომაგდეს და გამოსვლის დროს ანდრია ჯაღმაიძე მაწვება, მიჯიკავებს ხელით". - თქვა არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან.


ცნობისთვის, 29 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისია გაიმართა, რომელზეც არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის საკითხი განიხილეს. თავად არქიმანდრიტი კომისიის სხდომას არ დასწრებია.

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პატრიარქმა ილია მეორემ დააკმაყოფილა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა. 

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ეპარქიულ კომისიაზე 16 ოქტომბერსაც იყო დაბარებული. მაშინ კომისიამ ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარს "მკაცრი გაფრთხილება" გამოუცხადა. 

კომენტარები