აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
"შოკირებული ვართ სიახლით, რომ თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც განჯიდან აფრინდა, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ვიზიარებ თქვენ მწუხარებას ამ რთულ დროს და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, თანაგიგრძნობთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და თურქეთის მოძმე ხალხს" – ვკითხულობთ წერილში.
ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სატვირთო ბორტი.
გამოძიება დაიწყო მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
"ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ამსახველი კადრები თავდაპირველად სამთავრობო მედია იმედმა გამოაქვეყნა, მათივე ინფორმაციით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე "სავარაუდოდ, თურქული სამხედრო თვითმფრინავი" ჩამოვარდა.
ტაბულამ FlightRadar24-ის მონაცემების გადამოწმებით დაადგინა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდნილი თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules არის.





