საქართველოს საპატრიარქო

პირს, ვინც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაენიშნა

დაზიანებული ჭიშკარი და შლაგბაუმი საპატრიარქოში
საზოგადოებრივი მაუწყებელი

პირს, რომელიც 20 მაისს საქართველოს საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაენიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებით, მას ბრალდება წარუდგინეს და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 20 მაისს ბრალდებული, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, მანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. ავტომობილის დაზიანების შემდგომ, იგი ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა, ძალადობის მუქარით გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ბრალდებულის ქმედების შედეგად, დაზარალებულებს 9 350 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა". - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

პროკურატურის ცნობით, ისინი სასამართლოზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ. 

კომენტარები