2030 წლისთვის არაგადამდები დაავადებების ერთი მესამედით შემცირების გლობალური ძალისხმევა თამბაქოს კონტროლის იდეოლოგებმა მიიტაცეს. ეს კარგად არ დასრულდება.
2025 წლის 29 სექტემბერს განახლება: რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსესუსი ვერ შედგა: გაეროს დეკლარაცია არაგადამდებ დაავადებებზე ვერ დამტკიცდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ კონსენსუსი ჩაშალა
ამჟამად არაერთი მაგალითი არსებობს იმისა, რომ თამბაქოს კონტროლის აქტივისტებმა, სახელმწიფო თანამდებობის პირებმა და აკადემიის წარმომადგენლებმა თამბაქოს კონტროლის ძირითადი პრობლემა ახლებურად განსაზღვრეს და პრობლემად არა მოწევა ან სერიოზული დაავადებები, არამედ ნიკოტინი დაასახელეს, მათი მიზანი ნიკოტინის ამოძირკვისკენ გადახარეს. ეს ასევე უკავშირდება ყველგან და ყოველთვის თამბაქოსა და ნიკოტინის ინდუსტრიის პრობლემად დასახელებას - ზიანის ვექტორის ანტინიკოტინის აქტივიზმით განსაზღვრას.
თუმცა, სინამდვილეში ნიკოტინის წინააღმდეგ მიმართული ომი თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებების სიხშირის შემცირებას იდეოლოგიურ წინაღობებს უქმნის.
ამის უახლესი მაგალითი ამ დროისთვის ყველაზე სევდისმომგვრელია: არაგადამდები დაავადებების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის მეოთხე უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელიც 2025 წლის 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დროს ჩატარდება.
ჯანდაცვის პოლიტიკის მეთვალყურე ორგანიზაციამ არაგადამდები დაავადებების შესახებ დაწერილ სტატიაში გამოაქვეყნა პოლიტიკური დეკლარაციის საბოლოო ვარიანტი, რომელსაც, მოსალოდნელია, რომ ამ შეხვედრაზე წარადგენენ.
აქ გახლავთ ტექსტი: არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერის შესახებ გენერალური ასამბლეის მეოთხე უმაღლესი დონის შეხხვედრის პოლიტიკური დეკლარაცია. ეს მეოთხე დეკლარაციაა, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნებულ მესამე დეკლარაციას მოსდევს.
მიიჩნევა, რომ ეს უნდა იყოს განცხადება არაგადამდები დაავადებების (ე.ი. კიბოს, კარდიოვასკულარული დაავადებების, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და ა.შ.) შესახებ, რომელსაც საბოლოო სახე ხანგრძლივი თათბირის შემდგომ მიეცა. ტექსტი მიზნად ისახავს, რომ ყურადღება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან ამოცანა 3.4-ზე გაამახვილოს, რომელიც 2030 წლისთვის 30 წლიდან 70 წლამდე ზრდასრულებში არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთი მესამედით შემცირებას გულისხმობს. სავარაუდოა, რომ ეს სამიზნე დიდწილად ვერ შესრულდება. ტექსტში ყველგან ნასხენებია “თამბაქოსა და ნიკოტინის კონტროლი”, მიუხედავად იმისა, რომ არაგადამდები დაავადებების მთავარი გამოწვევი არა უშუალოდ თამბაქო ან ნიკოტინია, არამედ კვამლია, მათ შორის, თამბაქოს კვამლი.
თუკი პრობლემის თვალნათლივ ფორმულირება არ შეგვიძლია, როგორ შევძლებთ, რომ ოდესმე ეფექტიანი გამოსავალი ვიპოვოთ? პრობლემის ნაწილად ნიკოტინის დასახელება გამოსავლების პოვნას გაართულებს და პროგრესს შეანელებს.
გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს ტექსტიდან:
"41. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში არაგადამდებ დაავადებებთან და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებული პროგრესის ტემპის ზრდისთვის ძალისხმევას დავაჩქარებთ, ყურადღებას გავამახვილებთ თამბაქოსა და ნიკოტინის კონტროლზე, კარდიოვასკულარული რისკფაქტორების, მაგალითად ჰიპერტენზიის, პრევენციასა და ეფექტიანი მკურნალობის გაძლიერებაზე, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის გაუმჯობესებაზე იმ მიზნით, რომ 2030 წლისთვის არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა მესამედით შემცირდეს და შემდეგი გლობალური მიზნები მიიღწეს: თამბაქოს 150 მილიონით ნაკლები ადამიანი მოიხმარდეს, 150 მილიონით მეტ ადამიანს ჰიპერტენზია დარეგულირებული ჰქონდეს და ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობაზე 150 მილიონით მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა".
"44. საჭიროებისამებრ წავახალისებთ ეროვნულ და, სადაც რელევანტურია, რეგიონულ კონტექსტებში კანონებსა და რეგულაციებს, პოლიტიკასა და ქმედებებს, რათა ა) თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდეს i) თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების ყველა შეფუთვაზე ჯანმრთელობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერების შემოღებით; ii) თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის შეზღუდვით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში საზღვრებშორისი ზომებითც; iii) დახურულ სამუშაო შენობებსა და ღია სამუშაო სივრცეებში, საჯარო სივრცეებსა და საჯარო ტრანსპორტში თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენის ამომწურავად შემცირებით; და iv) თავის დანებების უსაფრთხო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამების წახალისებით; b) საჭიროებისამებრ დავარეგულირებთ ნიკოტინის მიწოდების ელექტრონულ სისტემებსა (ENDS) და უნიკოტინო მიწოდების ელექტრონულ სისტემებს (ENNDS), გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებსა (HTP) და ნიკოტინის მიწოდების პროდუქტებს; c) თამბაქოს კონტროლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციისა და თამბაქოს პროდუქტებით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის შესახებ პროტოკოლის ხელმომწერების მხრიდან შესრულებას დავაჩქარებთ თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან ნებისმიერი ჩარევის გარეშე; 48. მთელი მოსახლეობის მასშტაბით და ცხოვრების ყველა ეტაპზე ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის გავზრდით და მეცნიერებაზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მდგრადი საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციასა და ასაკისთვის შესაფერისი კომუნიკაციის პროგრამებს დავნერგავთ, რათა i) განვანათლოთ საზოგადოება თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარების მავნებლობის, ალკოჰოლის მავნებელი მოხმარებისა და ჰაერის დაბინძურების შესახებ".
რატომ არის ეს ცუდი?
აქედან ზოგიერთი რამ შესაძლოა ერთი შეხედვით გონივრული ჩანდეს, თუმცა ეს დეკლარაცია, სულ მცირე, სამი მიზეზის გამო არის საშინელი:
- თავის არიდება არაგადამდები დაავადებების მთავარი რელევანტური გამოწვევი მიზეზისთვის, რაც არის თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვა და არა - თავად თამბაქო ან ნიკოტინი. მძიმე ტოქსიკურობას წვის პროდუქტები განაპირობებს. თუკი არაგადამდები დაავადებების შემცირება გსურს, კვამლს უნდა გაუმკლავდე. ამის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა კი ნიკოტინის მაღალრისკიანი მოხმარებიდან (მოწევიდან) დაბალრისკიან (უკვამლო) მოხმარებაზე გადასვლაა. ეს დეკლარაცია ამ ვარიანტს სრულად უგულებელყოფს, რითაც შესაძლოა მილიონობით ადამიანს ყურადღება გადაატანინოს სიცოცხლის გადამრჩენი და დაავადებებისგან ამარიდებელი ქცევითი ცვლილებისგან.
- ნიკოტინისა და თამბაქოს ერთმანეთში დაუდევრად არევა, რითაც ნაგულისხმევია, რომ ნიკოტინის მოხმარება (რის ქვესიმრავლესაც თამბაქოს მოხმარება წარმოადგენს) ახლა მთავარი სამიზნეა, ნარკოტიკებთან ომის მენტალიტეტისკენ გადახრაზე მიუთითებს. თუმცა, როგორც ჩანს, არავის სურს, რომ ნარკოტიკებთან ომის არაერთი მარცხისგან ისწავლოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ნარკოტიკი ამოიძირკვება - ადამიანები მას ფსიქოაქტიური ეფექტებისთვის იყენებენ, როგორც ნარკოტიკების უმეტესობის შემთხვევაში, და მისი მიწოდება ადამიანების მოთხოვნის შესაბამისად გაგრძელდება, კანონიერად თუ უკანონოდ. მიუხედავად ამისა, მოწევის აღმოფხვრის მიზანი გაცილებით უფრო რეალისტურია, თუკი მისი მიღწევა იგეგმება ადამიანებისთვის ნიკოტინისგან თავის შეკავების მოთხოვნის გარეშე.
- ეს განცხადება საშინელია ძირითადად იმის გამო, რაც მას აკლია. თუკი ამ შეხვედრის მიზანს არაგადამდები დაავადებების შემცირება წარმოადგენს, მაშინ რანაირად მოხერხდა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სახელმწიფოების, აკადემიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამაში ჩადებულმა ერთობლივმა ინტელექტმა, დრომ და ფულმა სრულად უგულებელყო შესაძლებლობა, რომ ნიკოტინის მოხმარება ნიკოტინის წვადი პროდუქტების მოხმარებიდან უკვამლო ნიკოტინის პროდუქტების მოხმარებაზე გადავიდეს? არ ითქმის, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. ეს მოსაზრება ტექსტში საერთოდ არ გვხვდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მარტივად შესასრულებელი ახალი პერსპექტივაა იმისთვის, რომ მოწევასთან და დაავადებებთან დაკავშირებით სურათი შეიცვალოს. ასეთი იდეოლოგიური პოზიორობა ამგვარად კლავს მილიონობით ადამიანს.
არის თუ არა ეს გონივრული წინადადებები?
ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ნიკოტინი უვნებელი არ არის, ეს გონივრული ზომებია და, საბედნიეროდ, ვიღაცამ მოახერხა, რომ აქ მოცემული ფანატიზმი შეენარჩუნებინა. მიუხედავად ამისა, ეს საბოლოო მონახაზი რადიკალურად არის გაუარესებული “ნულოვან მონახაზთან”, მოლაპარაკებების საწყის წერტილთან, შედარებით, რომელიც 2025 წლის მაისში გამოქვეყნდა. ამ ვარიანტში ნიკოტინი მხოლოდ ერთგან იყო ჯიუტად მოხსენიებული:
“27. ბ) შევზღუდავთ და დავარეგულირებთ ნიკოტინის მიწოდების ელექტრონულ სისტემებსა (ENDS) და უნიკოტინო მიწოდების ელექტრონულ სისტემებს (ENNDS);”
დოკუმენტის ადრინდელი ვარიანტი, ყოველ შემთხვევაში, პრობლემის აღიარებას შედარებით მიუახლოვდა და ერთგან მოწევას ახსენებს:
“მთელი მოსახლეობის მასშტაბით ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობას გავზრდით და მდგრადი საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციისა და ასაკისთვის შესაფერისი კომუნიკაციის პროგრამებს დავნერგავთ, რათა i) საზოგადოება განათლდეს მოწევის/თამბაქოს მოხმარების ზიანის შესახებ;…”.
და ფორმულირება ძირითადად თამბაქოზე იყო კონცენტრირებული.
მონახაზი რეალურად გაუარესდა, თუკი გადასახადებს ქცევის ცვლილების საკვანძო ბერკეტად მოიაზრებთ.
ნულოვანი მონახაზის ვარიანტი: “... ჩვენ [...] 26. გავზრდით გადასახადებს თამბაქოზე, ალკოჰოლსა და შაქრიან სასმელზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით;”
საბოლოო მონახაზის ვარიანტი: “განვიხილავთ ჯანდაცვის ამოცანების შესასრულებლად თამბაქოსა და ალკოჰოლზე გადასახადების შემოღებას ან გაზრდას ეროვნული გარემოებების შესაბამისდ”.
ვინ აკეთებს ამას?
ნიკოტინზე კონცენტრირებული ფორმულირება შემთხვევითობის ან არასათანადო რედაქტირების შედეგი არ არის. ეს 2025 წლის მაისიდან მოლაპარაკებების განმავლობაში მიზანმიმართულად შემოიღეს. იმიტომ არსებობს, რომ მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც ის შემოიღო.
ახლა კი პრობლემას ეს ადამიანები წარმოადგენენ.




